აფხაზურ და ქართულ დიასპორასთან მუშაობა უნდა გააქტიურდეს

 

აფხაზეთის თავადები ზურაბ და ნიკი(ნიკოლოზ) ჩხოტუები ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, რომლებიც ბედისწერამ უცხოეთში გადახვეწა.  მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ საკუთარი მოღვაწეობით და ერთიანი საქართველოს ინტერესების ერთგულებით, სახელი გაუთქვეს  ჩვენს ქვეყანას, რაც ქართულ-აფხაზური ერთობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია.


ზურაბ და ნიკი ჩხოტუები სხვადასხვა სფეროში იღვწოდნენ. წარმატებით ეწეოდნენ სამხედრო, შემოქმედებით, საქველმოქმედო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოს ამ ღირსეული შვილების  დაკრძალვის ადგილი დიდხანს უცნობი იყო. სახელოვანი წინაპრების საფლავებს  აფხაზეთის ა.რ. განათლების და კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა, მკლევარმა და პუბლიცისტმა ნატო მარშანიამ მიაკვლია, რომელმაც ჩხოტუების სანათესაო წრეც მოიძია. ამ წრემ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის  გულწრფელი სურვილი გამოხატა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა და  ჟენევის დისკუსიებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობის მონაწილეობით, 2018 წლის ივნისში პატივი მიაგო ზურაბ და ნიკი  (ნიკოლოზ) ჩხოტუების ხსოვნას.

სამწუხაროდ, ამას წინათ გარდაიცვალა ნიკი ჩხოტუას ერთ-ერთი ვაჟიშვილი, ესპანეთის სამეფო კართან დაახლოებული ზურაბ ჩხოტუა -  ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულით საქართველოსადმი და ეს სიყვარული დაუტოვა ანდერძად თავის ახლო ნათესავებს-აფხაზებს. მისი დაკრძალვის ცერემონიალში  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობის სურვილი გამოხატა ზურაბ ჩხოტუას სანათესაო წრემ, რისთვისაც ჟენავაში  მივლინებული იყო უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია.  მისივე ინფორმაციით, ზურაბ ჩხოტუა-უმცროსის ბოლო გზაზე გასაცილებლად ჟენევაში ჩავიდნენ ნათესავები დიდი ბრიტანეთიდან,   საფრანგეთიდან, ესპანეთიდან,  პალმა-დე-მალიორკიდან, ძირითადად ქართული და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. პანაშვიდი მოძღვარმა მართლმამიდებლური წესით აღავლინა.

ჟენევიდან დაბრუნებულმა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ ინიციატივით მიმართა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს - დიასპორასთან მუშაობა გახდეს აფხაზეთის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. მისივე ინფორმაციით, ჩხოტუებმა და მათმა  მრავალრიცხოვანმა უცხოელმა  ნათესაობამ  საქართველოში  ჩამოსვლის და საქართველოსთვის სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობის  გაწევის სურვილიც გამოთქვეს.

„უცხოეთში მცხოვრებ აფხაზ და ქართულ დიასპორებს  განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლიათ თანამედროვე ქართულ-აფხაზური გამწვავებული ურთიერთობის განმუხტვის, ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ქართულ-აფხაზურ დიასპორაში მაღალი პოტენციალი დევს  და მისი  გამოყენება ნდობის აღდგენის საქმეში აუცილებელია“, - მიიჩნევს ბატონი ვახტანგ ყოლბაია.  მისივე განცხადებით, ამ მიზნით უნდა მოხერხდეს საქართველოს ხელისუფლების,  ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსური და მატერიალური რესურსების მოძიება და აფხაზეთის ბიუჯეტში ამ ღონისძიებებისათვის თანხების გათვალისწინება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ სრულად გაიზიარა დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებები და იგი მიზანშეწონილად მიიჩნია.

ცნობისათვის: ნიკი ჩხოტუას მეორე ვაჟი, ახლახან გარდაცვლილი ზურაბის ძმა - შალვა (ჩარლზ) ჩხოტუა 1991-1992  წლებში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო დიდი ბრიტანეთის სამეფოში.






















































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions