აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის პროექტის განხილვა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კანონში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მსჯელობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელობა დაავალა.

 

კომისიის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად გამართული სხდომა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ამასთან, საკმაოდ საინტერესოდ და კვალიფიციური განხილვის რეჟიმში ჩაიარა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რექტორატისა და სტუდენტთა წარმომადგენლებმა, ცნობილმა იურისტებმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ,   იურისტმა გიორგი ქოიავამ, პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ, უნივერსიტეტის მეცნიერ -თანამშრომლებმა ლაშა გელანტიამ, გოჩა გიორგიძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, ანზორ წოწონავამ, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსმა ოთარ გარმელიამ და სხვებმა.


განხილვაში მონაწილეებმა ძირითადად მოიწონეს პროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ წარუდგინა. ხაზგასმით ითქვა, რომ ცვლილებების პროექტი აფხაზეთის ა.რ.კონსტიტუციაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ცალკეული მოსაზრების ავტორთა შორის იყო მცირედი აზრთა სხვადასხვაობა ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურათა შორის ურთიერთდამოკიდებულების  სამართლებრივი ჩარჩოების განსაზღვრის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა.რ.უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობის თაობაზე, რასაც შეხვედრის მონაწილე  იურისტებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ დამაჯერებელი და სამართლებრივად არგუმენტირებული პასუხი გაეცა.






















































































































































 

 

 
























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions