„სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირმა“ დაარსებიდან 30-ე წლისთავი აღნიშნა


26 სექტემბერს ინვალიდთა ასოციაციამ „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „დამოუკიდებლობის დარბაზში“ დაარსებიდან 30 წლისთავი აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით  ჩატარდა კავშირის კრება, რომელზეც მიწვეული იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, ასოციაციის წევრები, კავშირის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაცია.

 

ასოციაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა-სიხარულიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ინვალიდთა ასოაციაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა რამდენიმე მოქალაქე, რომელთა შორის იყო აფხაზეთის ომში დაღუპული შვილის დედა, ქალბატონი ლამარა (ივლიტა) კახიანი.

ქალბატონ ლამარას (ივლიტას) ღირსების, რწმენისა და სამშობლოსათვის გაღებული მსხვერპლისათვის, ასოციაციის საპატიო სიგელი და ჯილდო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა: -  „უღრმესი მადლობა თქვენ. გმირი ქალბატონი ბრძანდებით - თქვენ სამშობლოს შვილი შესწირეთ. მე ორი ძმა მყავს აფხაზეთის ომში დაღუპული და ვიცი, რასაც ნიშნავს ეს უდიდესი ტკივილი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დამარცხებული ხარ..... მაგრამ ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის საქმე, რასაც თქვენი შვილი შეეწირა, აუცილებლად გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, გამთლიანებულ საქართველოში ყველასთან ერთად თქვენც იხარებთ, იზეიმებთ და ძაძებსაც გაიხდით. დიდი პატივისცემით, კრძალვით და სიყვარულით გადმოგცემთ ამ ჯილდოს“.

„ჩემი შვილი, გოჩა თათრიშვილი, სამი თვის და 18 დღის დაქორწინებული იყო....ბიჭებს ვერ ვუღალატებ, ომში უნდა წავიდეო.... უნდა წასულიყო... 24 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მერე ჩამოასვენეს და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მე ასეთი შვილი უფრო მეამაყება.... აქამდეც მშვიდად ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი შვილი აფხაზეთის მიწაში, ქართულ მიწაში იწვა, მაგრამ იქ უპატიოდ იყვნენ.... არც ჩემი შვილის მკვლელზე ვარ ნაწყენი. იქითა მხარეს ვეტყოდი, რომ იხარონ, იდღეგრძელონ, იმათმა შვილებმა იცოცხლონ, ცუდი არაფერი ნახონ და საქართველოს გამთლიანებას ისინიც მოესწრონ, ჩვენც და ორივემ მხარემ გავიხაროთ, ძველი ტკივილი, ბოღმა, დარდი დავივიწყოთ, თორემ ახალი თაობა დაიღუპება! სიყვარულის გარეშე ცხოვრებას ხომ ფასი არა აქვს“ - გაუგონარი სიმშვიდით და სიყვარულით აღნიშნა ქალბატონმა ლამარამ.





















































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions