სამეცნიერო კონფერენცია - ,,აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული წარსული და თანამედროვეობა”


სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტის” სხდომათა დარბაზში, თბილისის მერიისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით  გაიმართა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია - ,,აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული წარსული და თანამედროვეობა”, რომლის ინიციატორიცა და ორგანიზატორიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „აფხაზეთი - ჩემი სახლი“  ხელმძღვანელი სალომე კაპანაძე

 

კონფერენცია მიეძღვნა სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს. ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რ მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია, ელგუჯა გვაზავა, რაისა ქარაია, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები.


კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდების ინტერესის გააქტიურება აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ.


კონფერენციის ფორმატის მიხედვით, სხვადასხვა თემატიკაზე მოხსენებით გამოვიდნენ მაგისტრანტები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები. თითოეული მომხსენებლის შემდეგ გაიმართა დისკუსია და მოსაზრებათა ურთიერთგაცვლა.


ღონისძიების ორგანიზატორის ს. კაპანაძის თქმით, „კონფერენცია არის ახალგაზრდა მეცნიერთა პასუხი საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობაზე, ეს არის პასუხი რუსულ ოკუპაციაზე“.


უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ღონისძიებას, წარმატება უსურვა მასში მონაწილე ახალგაზრდებს და თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს სახელით დახმარება აღუთქვა.


როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, კონფერენცია საგულისხმოა არა მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით, მისასალმებელია, რომ ახალი თაობა მუშაობს ამ თემატიკაზე. იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი აფხაზი თანემემამულეების ხმა დახშულია, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მშვიდობიანი ჩართულობისა და კომუნიკაციებისთვის“.



აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯ.გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს კონფერენცია საინტერესოა არა მხოლოდ თემატური თვალსაზრით, არამედ მას აქვს მრავალმხრივი  დატვირთვაც. უპირველეს ყოვლისა, მეცნიერება, თუ ის ობიექტურია, რა თქმა უნდა, ადამიანებს აახლოებს, ანუ ეს არის სამშვიდობო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ამას გარდა, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში არის ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა მოწინააღმდეგის მხრიდან არასამხედრო მეთოდებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენთვის.  ალბათ გახსოვთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოვისმინეთ ვ.პუტინის „ლექცია“ საქართველოს, აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვმართებს დიდი მუშაობა - იდეოლოგიური და მეცნიერული ბრძოლა იმ სტერეოტიპების წინააღმდეგ, რომელსაც რუსული პროპაგანდა ნერგავს როგორც აფხაზეთში, ისე საერთაშორისო არენაზე. სწორედ ამ კუთხით აქვს დღევანდელ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა. უმაღლესი საბჭო არის ამ კონფერენციის მხარდამჭერი, შესაბამისად ვაპირებთ წარმოდგენილი მასალების თარგმნასა და გამოცემაში დავეხმაროთ ახალგაზრდებს და გაგავრცელოთ მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.


























































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions