ჯემალ გამახარია აფხაზეთში ეპიდსიტუაციაზე: ზუსტად ვერ ადგენენ, ვის უდასტურდება და ვის არა ვირუსი, ექიმებიც კი ეკიპირების გარეშე არიან, თავად შეიძლება, გახდნენ გამავრცელებლები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალისტები კარგად მომზადებულები არ არიან და ზუსტად ვერ ადგენენ, ვის უდასტურდება და ვის არა კორონავირუსი. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში, თითქოს, ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამოვლენილა ინფიცირების შემთხვევები და იყო საუბრები, რომ აფხაზეთში კორონავირუსი არ არსებობს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს. როგორც იქაური სპეციალისტები საუბრობენ, არანაკლებ არის გავრცელებული. დღეისათვის, მათი მონაცემებით, სულ 35 დაინფიცირებულია, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია, 1 კი – გარდაცვლილი. გუშინ დაემატა 7 ადამიანი. მათ ტესტირება 56 თუ 57 ადამიანს ჩაუტარეს. იყო ინფორმაცია, რომ არავის დაუდასტურდა კორონავირუსი. მერე, საღამოსთვის აღმოჩნდა, რომ თურმე დაუდასტურდა 7 ადამიანს. ეს თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ არინ კარგად მომზადებულები და ვერ ადგენენ ზუსტად, ვის უდასტურდება და ვის არ უდასტურდება ვირუსი. ეს 7 ადამიანი მიათვალეს იმათ, ვისაც არ დაუდასტურდა, მაგრამ აღმოჩნდა შემდეგ, რომ თურმე დაუდასტურდა“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას იქაური ჯანდაცვის სისტემისადმი უნდობლობა აქვს. ამასთან, არის შიში იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლოა, გართულდეს.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იქაურ მაცხოვრებლებში ის, რომ არიან ძალიან დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, შესაბამისი ტექნოლოგიები არ გააჩნიათ, არ ენდობიან ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკას. 15 ივნისამდეა დაწესებული შეზღუდვები და შემდეგ შესაძლოა, ტურისტები შემოვიდნენ. ამან შესაძლოა, გამომიწვიოს ძალიან სერიოზული ეპიდემიოლოგიური აფეთქება. როგორც თავად წერენ და ამბობენ, აფხაზეთის სამედიცინო სისტემა ამას ვერანაირად გაუძლებს. თავად აღნიშნავენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში არიან, არ იცავენ კარანტინის წესებს. წარმოიდგენეთ, თავად ექიმებიც კი არ იცავენ დადგენილ წესებს. ალბათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ მათ შესაბამისი ეკიპირება საკმარისი რაოდენობით არ აქვთ, თავად ექიმებიც კი სპეცეკიპირების გარეშე არიან და თავად შეიძლება, გახდნენ ამ ვირუსის გამავრცელებლები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუწევთ დახმარებას აფხაზურ მხარეს. საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სერიოზული დამხმარებაა გაწეული. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აფხაზეთი ინფექციის აფეთქების შემთხვევაში მზად იყოს. ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაა. 15 ივნისს დიდი შიშით ელოდებიან. როცა მოიხსნება შეზღუდვები, პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა, ძალიან რთული და მძიმე ვითარება შეიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საზღვარი თითქოს ჩაკეტილია, ბოლო დღეების განმავლობაში 6 000-მა ადამიანმა გადმოალხა ეს საზღვარი. ვინ არიან ესენი, არავინ იცის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი აფხაზეთის მოსამსახურე სამხედროები და მათი ოჯახის წევრბი არიან. მაგრამ ამდენი ადამიანი რანაირად და როგორ – სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს ზუგდიდთან – ეს საზღვარიც ჩაკეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ავადმყოფები სპეციალური ნებართვით გადმოდიან – როგორც აფხაზები, ასევე, ქართველები“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 04.06.2020

https://youtu.be/Gn_UyKZcPi0

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions