რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდნენ

 

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდნენ.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელიც უძღვებოდა შეხვედრას, მიესალმა ახალდანიშნულ მინისტრს. მან გამოთქვა რწმენა, რომ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი და  აღიარებული ტელეჟურნალისტის - ეკა ხოფერიას მონაწილეობა ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო გუნდის საქმიანობაში, დადებით შედეგს გამოიღებს და ამჯერად უკვე როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, სერიოზულ გამოწვევებსა თუ სირთულეებს წარმატებით უპასუხებს.


მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განმარტებით, ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის განხორციელებას შეუწყობს ხელს, რამაც უნდა უზრუნველყოს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა მიმართულების განვითარება-გაჯანსაღება.

 

დეპუტატებმა და მინისტრმა  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენგურსგაღმა და დანარჩენ საქართველოში ფუნქციონირებადი საჯარო სკოლების, თეატრების, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქართული კულტურის ძეგლების დაცვის, სამინისტროს ეგიდის ქვეშ არსებული თითოეული მიმართულების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

 

შეხვედრის მონაწილე დეპუტატებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ხუბუამ, მოადგილე დავით გვაძაბიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავამ ეკა ხოფერიას წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს და უმაღლეს საბჭოსთან, შესაბამის კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.





ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions