თამაზ ხუბუა: უაფხაზეთოდ საქართველოს მომავალი არასოდეს ექნება!
ქვეყნის გამთლიანების პროცესში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულ მოვლენას უწოდებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა და ამ უმნიშვნელოვანესი ვერდიქტის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე აკეთებს განცხადებას.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწვეტილება მიიღო, რომელშიც დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას და რუსეთი აღიარა საქართველოს ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, მოქალაქეთა მკვლელობების, წამებისა და სხვა ღირსებების შემლახველი ქმედებების ორგანიზატორად, მოქალაქეთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების უხეშ დამრღვევად.

 

კრემლის ბირთვული ქობინებით დაშინებულმა ევროპამ, ბოლოს და ბოლოს დაძლია ეს შიში(მინდა ვიმედოვნო, რომ სამუდამოდ) და ოკუპანტს ოკუპანტის სახელი დაარქვა!

 

აღნიშნული ვერდიქტი ცალსახად ეხება, როგორც ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთს.

 

ახლა, როგორც არასოდეს, ქართულ სახელმწიფოს, ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მართებთ ამ ისტორიული მოვლენის ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ბრძოლაში ეფექტიანად გამოყენება. ჩვენ ვართ ბრძოლაში დროებით დამარცხებული ერი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს: ბრძოლაში დამარცხებული ერები კვლავ აღმდგარან, ხოლო მათ, ვინც დანებებულან, არსებობაც დაუმთავრებიათ! რუსეთის ის ხელისუფლება, რომელიც აბუჩად იგდებს ქრისტიანულ ეთიკას, რომელმაც ბარბაროსული კურსი აირჩია და ვნებანარევ სიამოვნებას ღებულობს სხვისი ჩაგვრით, ჩვენი მეგობარი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება!

 

ღრმად მწამს-ამჟამად აფხაზეთისთვის, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა იწყება და ამ საყოველთაო-სახალხო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, მოღალატეობაა! არასოდეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ უზენაესი საკითხი-ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ თუ არა?!

 

უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ქართველები და საქართველო!

 

გვახსოვდეს: უაფხაზეთოდ საქართველოს მომავალი არასოდეს ექნება! – აღნიშნავს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თამაზ ხუბუა

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions