ცნობილია, რომ გიორგობა წელიწადში ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ 6 მაისს, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისათვის, ის სრულიად ახალგაზრდა, წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.
ქართველ მართლმადიდებლებს დასაბამიდან განსაკუთრებულად უყვარდათ და ეიმედებოდათ სასწაულმოქმედი ახალგაზრდა წმინდანი, რომელმაც ქრისტეს სახელით არაერთი გამარჯვება მოიპოვა და უამრავი სასწაული განახორციელა. საკვირველთმოქმედი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნეოდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ საქართველოში, თავის დროზე, წმინდა გიორგის სახელობის 363 ეკლესია აშენდა, რომელთაც ბოლო წლებში კიდევ რამდენიმე დაემატა. მისდამი განსაკუთრებული რწმენის დასტურია ისიც, რომ სწორედ საქართველოში დაწესდა 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა.
ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში.
წმინდა გიორგის ხსენების დღეს ულოცავს თანამოქალაქეებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. სასწაულმოქმედი წმინდანის შეწევნით, გამარჯვებას - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას, მომავალი გიორგობის აფხაზეთში, ილორის საქვეყნოდ ცნობილ წმინდა გიორგის ტაძარში მშვიდობით და სიყვარულით აღნიშვნას, ტრადიციულ, ქართულენოვან ლიტურგიაში მონაწილეობას უსურვებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა.