28 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.
პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზის შესახებ და ქ.ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის მივლინების შესახებ.
უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წამოაყენა წინადადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზისთვის აფხაზეთში, სოფელ ოქუმში დაბადებული ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილე დეპუტატებმა ისაუბრეს ამ დიდი პიროვნების ღვაწლისა და სამშობლოს წინაშე დამსახურების შესახებ. აქედან გამომდინარე აღინიშნა, რომ სრულიად ბუნებრივი და მიზანშეწონილია აკაკი ჩხენკელის სახელი ეწოდოს უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზს, რაც სხდომის მონაწილე დეპუტატების მიერ კენჭისყრის შედეგად ერთსულოვნად დადასტურდა.
პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის მივლინების შესახებ ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. ვიზიტი მომდევნო კვირისთვის დაიგეგმა. ის მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების დახმარებას, მათი პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვას.