აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, განიხილა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის ანგარიში.

 

დეპუტატების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარდგა მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. მომხსენებელმა ყურადღება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის სამართლებრივ ბაზაზე მსჯელობით დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “აფხაზეთის კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განხორციელდა, აქვე აღინიშნა, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა გახდა მთავრობის გამოწვევა, რაშიც მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩაერთვნენ და ღირსეულად გაართვეს თავი.

 

საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებაზე: ა)პოლიტიკურ, ბ)ინსტიტუციურ განვითარებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციასა და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერაზე, გ) სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. აღინიშნა, რომ დევნილთა დასაქმების აუცილებლობისა და სხვა საჭიროებების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, პროგრამული დაფინანსება გაიზარდა და რესპუბლიკური ბიუჯეტის 23,2 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 14,7 პროცენტი იყო. როგორც რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია სამომავლოდ პროგრამული დაფინანსება 40%-მდე გაიზარდოს. მისივე განმარტებით, ეს პროცესი და ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის, რომ დევნილი საზოგადოება იყოს არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორი.

 

 

ვრცელ მოხსენებაში მიმოხილული იყო მთავრობის ყველა უწყებაში გაწეული საქმიანობა, აქტივობები სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში, დიპლომატიურ კორპუსებთან თანამშრომლობის, სხვადასხვა პროექტების განხორცილების მნიშვნელობა და ჩატარებული რეფორმები. აღინიშნა აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის გაწეული ჯანდაცვითი, სოციალური და სხვადასხვა სახის კონკრეტული, ამასთან მასშტაბური დახმარების შესახებ.

 

 

მოხსენების შემდეგ, დეპუტატებმა არა ერთი შეკითხვა დაუსვეს მთავრობის თავმჯდომარეს. აქტიურობდნენ ნუგზარ მგალობლიშვილი, დავით გვაძაბია, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია, რაისა ქარაია. პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი გაიმართა დისკუსია. საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა კულტურის სფეროში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ ხაზი გაუსვა, რომ მისი და მისი კოლეგების კრიტიკული პოზიცია არ უნდა იყოს გაგებული როგორც ჯიბრში ჩამდგარი ადამიანების დამოკიდებულება; მისივე განმარტებით, ისინი მიზნად მთავრობის ცალკეული, არასწორად მიჩნეული საქმიანობის გამოსწორებას ისახავენ. თამაზ ხუბუას განცხადებით, „მთავრობის ანგარიში ბევრ რამეს გვეუბნება, ისევე როგორც ბევრ რამეს გვერდს უვლის, არ არის მოცემული მკაფიო და რელევანტური ახსნა-განმარტებები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაში სერიოზულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კითხვებს ბადებს, უკმაყოფილებას იწვევს და პასუხებს ითხოვს.“ თამაზ ხუბუამ წერილობით წარმოადგინა და გაახმოვანა საკუთარი შენიშვნების საკმაოდ ვრცელი სია საკითხებისა, რომელიც მისი მოსაზრებით, მთავრობის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს წარმოაჩენს. საკმაოდ კრიტიკული იყო საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, თუმცა მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მან დადებითად შეაფასა.

 

მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ ძირითადად მოიწონა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის დასტურად არგუმენტებიც დაასახელა.

 

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესის, ყურადღებისა და შენიშვნების გამო. გამოთქვა რწმენა, რომ კომპეტენციათა გამიჯვნით სისტემატური თანამშრომლობა შედეგზეც აისახაება.

 

დასასრულს, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ შეაჯამა, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ მთავრობა სწორ და აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანია პროგრამული დაფინანსების თანმიმდევრული ზრდა, დევნილთა დასაქმება. ამ სწორ გზაზე ნამდვილად იყო ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით განპირობებული ხარვეზები, აღნიშნა ჯემალ გამახარიამ და დასძინა, რომ ის იზიარებს კოლეგების მიერ გამოთქმულ ცალკეულ შენიშვნებს. მისი შეფასებით, „არც ერთი შენიშვნა ჩასაფრებულის პოზიციიდან არ გამოთქმულა და მათი გამოსწორება ან თუნდაც გაბათილება უპირველესად, მის ავტორებს გაუხარდებათ“. ჯემალ გამახარია შეეხო აგრეთვე გალის რაიონში განათლების თვალსაზრისით არსებულ კატასტროფულ ვითარებას. მისი განცხადებით, იქ მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის დენაციონალიზაცია-რუსიფიკაცია და მოუწოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლეს საბჭოსთან ერთად ყველაფერი იღონოს, გალის რაიონში ქართველი მოზარდების ქართულ ენაზე დისტანციური სწავლების ხელშეწყობისათვის.







ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions