როგორც ცნობილია, ამა წლის 21 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელმაც „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგია“ უნდა მოამზადოს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამასთან დაკავშირებით გამოხატული რეაქციის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა:
მიგვაჩნია, რომ პრემიერის ინიციატივა დროულია. მან უნდა უპასუხოს ახალ გამოწვევას, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის ღიად გაცხადებულ განზრახვას. მხედველობაში მაქვს 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთისთვის თავსმოხვეული შეთანხმება - აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების ე. წ. პროგრამა. ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ხორცშესხმა არსებითად უნდა იქცეს იმ მაშველ რგოლად, რომელიც იხსნის აფხაზეთს ანექსიისაგან და გარდუვალი დაღუპვისაგან. ამ დროს სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდანაც გვესმის სიმწრის ღიმილის მომგვრელი, მართლაც, უაზრო და, მართლაც, ცარიელი განცხადებები. აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველობა კრინტს ვერ ძრავს აიბგას ანექსიის გამო, ვერ უპირისპირდება მოსკოვის მოთხოვნით ხელმოწერილ „პროგრამას“, ორმაგი მოქალაქეობის დამღუპველ გეგმას, სამაგიეროდ „აკრიტიკებს“ საქართველოს მომავალ სტრატეგიას, რომელმაც უნდა იხსნას აფხაზეთი გაქრობისაგან. სასაცილოა ეს ყოველივე, სატირალი რომ არ იყოს! ოკუპანტის მიერ ნაკარნახევ განცხადებებს, რომლებიც სოხუმში კეთდება, ყველაზე ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმების ოფიციალური პოზიციისა, დარწმუნებული ვარ არაერთი ღირსეული აფხაზი მიიღებს მონაწილეობას „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში!“ - განაცხადა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.