26 აგვისტო - აფხაზეთის ოკუპაციისა და
მცოცავი ანექსიის დღე
2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ფიქტიური აღიარებით კრემლმა, პირველ რიგში, უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმები, მოახდინა აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია, საფუძველი ჩაუყარა მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელსაც ახალი დინამიზმი შესძინა 2020 წლის 12 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილმა დოკუმენტმა - რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების ე. წ. პროგრამამ. აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება ეს არის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგების უარყოფის, მათი დაკანონების მცდელობა.
არსებითად, 2008 წლის 26 აგვისტოს კრემლისეულმა აქტმა აფხაზეთს მოუტანა არა ეროვნული აღორძინება, არამედ ასიმილიციისა და გადაშენების საფრთხე; არა დემოკრატია და რეალური თავისუფლება, არამედ მახინჯი და კორუმპირებული ეთნოკრატიული საოკუპაციო რეჟიმი, ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა; არა ეკონომიკური აყვავება და კეთილდღეობა, არამედ ეკონომიკური ცხოვრების მოშლა და საყოველთაო სიდუხჭირე; არა მომავლის რწმენა, არამედ იმედგაცრუება და უიმედობა... სხვა პერსპექტივა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას არც შეიძლება გააჩნდეს.
სრულიად აშკარაა, რომ კრახი განიცადა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების რუსულმა საერთაშორისო პოლიტიკამაც. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღსრულდება ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნები რუსეთის ფედერაციისადმი აღიარების უკან წაღებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. დეოკუპაცია და საქართველოს გამთლიანება გარდუვალია, რისი საწინდარიც არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი ნდობის აღდგენისა და შერიგების ქართული სახელმწიფო პოლიტიკა. დიდწილად ჯერ კიდევ ილუზიების ტყვეობაში მყოფ აფხაზთა ხსნაც ამ პოლიტიკის წარმატებაშია.