დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის მძიმე დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მუქი ფურცელი, მაგრამ ეს დღე იმავდროულად იმედის ზარიცაა. 27 სექტემბერი მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მოსვენებას არ გვაძლევს და საქართველოს ძირძველი კუთხის - სოხუმის, აფხაზეთის, აფხაზების დასაბრუნებლად, ჩვენს სახლ-კარში ჩევენივე ხელით სიცოცხლის ასაღორძინებლად შედეგის მომტან რეალურ ქმედებებს ითხოვს.
სწორედ ამ განწყობით, ამ რწმენით, მოვიარეთ დილიდან გმირთა მემორიალი, აფხაზეთში თავდადებული ჩვენი მამულიშვილების საფლავები, ვაშლიჯვრის ძმათა განსასვენებელი. გვჯერა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები აფხაზებსაც და ქართველებსაც ღრმად ჩაგვაფიქრებს და მსგავსი შეცდომის გამეორებას აგვარიდებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ურთიერთპატიება, ნდობის აღდგენა, შერიგება, ჩატეხილი ხიდების აღდგენა, რადგან მხოლოდ გაერთიანება და ტრადიციული თანაცხოვრება გადაარჩენს ჩვენს მომავალს, აფხაზთა და ქართველთა თვითმყოფადობას!
დღეს ჯვართამაღლების დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, გილოცავთ; უფალი ჩაგვაგონებს, რომ ყოველ დაცემას ამაღლება მოჰყვება. ამიტომაც დღეს მხოლოდ გლოვის დღე არ არის, დღეს იმედის დღეცაა, რომ მალე სოხუმში ყველა ერთად - უპირველესად აფხაზები და ქართველები შევძლებთ, ერთობლივად მივაგოთ პატივი ორივე მხრიდან სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.