წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს გილოცავთ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ულოცავს ნიკოლოზობის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს და უსურვებს, რომ თითოეულს შეეწიოს სასწაულმოქმედი წმინდანის მადლი და ძალა, დაგვაძლევინოს სასტიკი პანდემია, შეგვაძლებინოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება.

 

მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, როცა მირონლუკიიდან ბარში  მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს.

წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ: „კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარი ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო. ის აღიარებულია, როგორც  მართლმადიდებლური, ისე  კათოლიკურიანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიის წმინდანად.

მის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. გადმოცემის თანახმად, ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.

წმინდა ნიკოლოზი სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მფარველად არის აღიარებული. მას ქართველი მართლმადიდებლები ოდითგან აღიარებდნენ, რასაც  ისტორიული ფაქტებიც ცხადყოფენ. წყაროების მიხედვით, სამეგრელოში მყოფი რუსი ელჩები 1640 წლის 4 თებერვალს სოფელ გამბლში//ღამბლში (დღევანდელი ბესლახუბა) XVI საუკუნეში აგებულ წმ. ნიკოლოზის ქვის ეკლესიას სტუმრობდნენ. 1640 წლის 9 თებერვალს კი იმავე ელჩებს მოქვის ისტორიულ ტაძარში ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები ანახეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდნენ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები ტამიშში, რეჩხში, ზემო ცხირში, აჟარაში.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions