აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შესახებ

 

 

კაცობრიობის ყურადღება დღეს მიპყრობილია უკრაინისაკენ, რომელიც გმირულად უმკლავდება რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. ცივილიზებული სამყარო მხარში უდგას უკრაინელი ხალხის თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისათვის, ბრძოლას აბსოლუტურ ბოროტებასთან, რომელსაც ვ. პუტინის რეჟიმი განასახიერებს. ამ ბრძოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული როგორც უკრაინის მომავალი, ისე ევროპის, მთლიანად მსოფლიოს ხვალინდელი იერსახე ღრმა გეოპოლიტიკური ძვრებითა და ახალი მსოფლიო წესრიგით, უსაფრთხოების სრულიად ახალი არქიტექტურით.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი წლების განმავლობაში ემზადებოდა სწორედ დასავლეთზე, ნატოზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისათვის. მისი მიზანი იყო და დღემდე რჩება საბჭოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმით რესტავრაცია. ამ მიზნის მისაღწევად მან უკიდურესად შეზღუდა რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, თანდათონობით ჩამოაყალიბა მართვის მკაცრი ტოტალიტარული სისტემა.

მსგავსად ნაცისტური გერმანიის მესვეურებისა, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელმა მმართველებმაც შექმნეს საკუთარი ნეონაცისტური იდეოლოგია. თუ გერმანული ნაციზმი მიზნად ისახავდა მეზობელი სახელმწიფოების მიერ ვითომ მიტაცებული გერმანულენოვანი რეგიონების „რაიხის“ შემადგენლობაში მოქცევას, რუსული ნეონაციზმი ითვალისწინებს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების, შემდგომში კი რუსეთის მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური წარმონაქმნებისა და ე.წ. რუსულენოვანი ანკლავების ოკუპაცია-ანექსიას, ამ ტერიტორიებზე განსახლებული „არასაიმედო“ ეთნიკური ჯგუფების განადგურებას ან დეპორტაციას.

აღნიშნული ნეონაცისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის ადგილმონაცვლე რუსეთის ფედერაცია 1991-1993 წლებში, როდესაც რეგულარული შეიარაღებული ძალების პირდაპირი ჩარევის შედეგად საქართველო მან შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირების არენად აქცია; როდესაც მოახდინა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების ინსპირირება  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; როდესაც ამ ტერიტორიებზე უსასტიკესი მეთოდებით განახორციელა ქართველების - მოსახლეობის დიდი უმრავლესობის - ეთნიკური წმენდა. 2008 წლის აგვისტოს ღია სამხედრო აგრესიის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოსკოვმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად სცნო, ფაქტობრივად კი მოახდინა მათი ოკუპაცია-ანექსია.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად განვითარებული მოვლენების უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციით;  წინასწარ დაგეგმილი ამ ომის ბოლომდე მისაყვანად, საჭირო გახდა რუსული ნეონაცისტური იდეოლოგიის კიდევ უფრო დახვეწა, კიდევ უფრო დაახლოება ჰიტლერულ ფაშიზმთან. თავის საჯარო გამოსვლებსა და უკრაინისადმი სპეციალურად მიძღვნილ სტატიაში ვ. პუტინი ცდილობს უკრაინელი ეთნოსის არარსებობის თეორია „დაასაბუთოს“. აღნიშნული თეორიის მიხედვით, უკრაინელი ხალხი რუსი ხალხის განუყოფელ ნაწილად ცხადდება.

უკრაინული ეთნოსის არარსებობის ნეონაცისტური თეორია მოსკოვის მიერ გამოყენებულ იქნა უკრაინული სახელმწიფოს არალეგიტიმურ, ხელოვნურ წარმონაქმნად გამოცხადებისა და განადგურების გეგმის საფუძვლად; ამ გეგმის განხორციელების მიზნით რუსეთის ფედერაციამ 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ამჯერადაც ომი დაიწყო „გენოციდისაგან“ ე.წ. საკუთარი მოქალაქეების დაცვის ყალბი და ცინიკური საბაბით; სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კი, ომს ორივე შემთხვევაში წინ უძღოდა აგრესორის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანევრები უშუალოდ აგრესიის სამიზნე სახელმწიფოს საზღვრებთან, ზღვარსგადასული ცრუპროპაგანდის თანხლებით.

დღეს უკრაინის სუვერენული სახელმწოფოს წინააღმდეგ  იბრძვიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებასა და დეპორტაციაში დახელოვნებული რუსული საოკუპაციო სამხედრო შენაერთები, ასევე ადგილობრივი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები.

უკრაინის წინააღმდეგ  მიმდინარე აგრესიული ომის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა წინასწარ შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკისა და გეგმის ფარგლებში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სავსებით გაცნობიერებულად სჩადის საერთაშორისო სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, იყენებს რა 1991-1993 და 2008 წლებში საქართველოში შეძენილ გამოცდილებას. სრულიად აშკარაა, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესია განგრძობითი ხასიათის ერთი დიდი დანაშაულებრივი ჯაჭვის ცალკეული რგოლებია; ორივე სახელმწიფოში ჩადენილია თვისობრივად ერთი და იგივე კატეგორიის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც საქართველოშიც და უკრაინაშიც ეფუძნება რუსულ ნეონაცისტურ იდეოლოგიას და პრაქტიკას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:



1. გმობს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს.



2. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედებას აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ  ფართომასშტაბიან და სისტემატურ თავდასხმაში გამოხატულ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად;



3. ცნობად იღებს და მხარს უჭერს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო  სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორისათვის უკრაინაში შექმნილი ვითარების გამოსაძიებლად გადაცემის ფაქტს.



4. მიიჩნევს, რომ გამოძიების შედეგად ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს რუსეთის ფედერაციიდან და მის მიერ ოკუპირებული  ტერიტორიებიდან, ინდივიდუალურად უნდა შეერაცხოთ ბრალი და  წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.



5. მიმართავს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იმ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში მიმდინარე განგრძობითი ხასიათის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.

 

8 აპრილი, 2022 წ.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                          ჯემალ გამახარია

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions