ნანა კვარაცხელია - 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ნომინაციის გამარჯვებულია

ამ დღეებში საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტიდან (International Internship University) აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ნანა კვარაცხელიას სახელზე მოვიდა ასეთი შეტყობინება:

 

დიდი სიამოვნებით, გაცნობებთ, რომ თქვენ გახდით გამარჯვებული 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ნომინაციაში. თქვენი სტატუსი აღიარებულ იქნა საერთაშორისო პლატფორმაზე - Swarna Bharat Parivaar & International-ის ქალთა გაძლიერების საბჭოს მიერ. შეფასებები გაცემულია საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის (IIU) პედაგოგთა საბჭოში.



დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 29 მაისს, ნიუ დელიში.


გილოცავთ გასაოცარ მიღწევას!



ქალთა გაძლიერების საბჭო

საქმიან ქალთა საერთაშორისო საბჭო - საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი


www.theiiuniversity.com

http://www.swarnabharatparivaar.org/

 

საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი (International Internship University) არის პირველი გლობალური უნივერსიტეტი, რომლის მუშაობა დამყარებულია როგორც ტრადიციულ, ისე ონლაინ დისტანციურ სწავლებაზე. იგი აწვდის ხარისხიან, ხელმისაწვდომ, უნარებზე დაფუძნებულ და მდებარეობაზე დამოუკიდებელ განათლებას მსოფლიოს ყველა დაინტერესებულ პირს. თითოეულ პედაგოგს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიაწოდოს ჯანსაღი ცოდნა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით.

საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის (International Internship University) ბაზაზე მოქმედებს განათლების განვითარების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Swarna Bharat Parivaar (SBP), რომელიც დაარსდა 2010 წელს. მისი დამფუძნებლები არიან დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ინდოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების განათლების დონის გაუმჯობესება, რომელსაც ის ახორცილებეს ხარისხიანი განათლების მიწოდებით პედაგოგებისთვის და ლექტორებისთვის.

„ქალი ძალაუფლების, თავდაჯერებულობის და მტკიცე გადაწყვეტილების სიმბოლოა” - ამბობენ უნივერსიტეტის დამფუძნებლები და, განათლების სფეროში ქალების უდიდეს როლსა და ღვაწლზე საუბრობენ.

ყოველწლიურად, Swarna Bharat Parivaar აწყობს დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალების დაჯილდოების ცერემონიალს, იმ ქალების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებმაც შეასრულეს ღირსეული სამუშაო საზოგადოების განათლების დონის ასამაღლებლად. წელს ისინი პატივს მიაგებენ ათასობით შთამაგონებელ ქალს მათი თავდადებისა და შრომისმოყვარეობისთვის.

უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, რომელიც ამავდროულად გახლავთ „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური ქართულენოვანი სწავლების“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. მრავალეროვანი აუდიტორიის წინაშე თემატური პრეზენტაციებით წარდგომისას იგი მუდმივად აცნობს საქართველოს, როგორც ქვეყანას და ამასთან, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან, მოწვეული სტუმრის სტატუსში არაერთგზის საუბრობს საქართველოს, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობაზე და რუსეთის როლზე მიმდინარე პროცესებში.

პრეზენტაციების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილობაში ფუნქციონირებას და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით საპილოტე რეჟიმში არერთი პროექტის, მათ შორის „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლასგარეშე დისტანციური სწავლების“ დანერგვის, მუშაობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ პროექტმა მოწონება დაიმსახურა რამდენიმე სახელმწიფოს (ეგვიპტე, პაკისტანი, ინდოეთი, ხორვატია, მექსიკა) წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან დაკავშირებით განხორციელდა დამატებითი შეხვედრებიც.

განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისთვის“ საქმიანობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანალოგიური პროექტი დაინერგა ვიეტნამის ქ. ლაო ცაი-ს ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც კოლეჯის ადმინისტრაცია და პედაგოგები საკუთარი სახსრებით იძენენ საკვებ პროდუქტებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მოგვიანებით კი ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქ. ლაო ცაი-ს ერთ-ერთ კოლეჯში განხორციელებული პროექტის ინსპირაცია სწორედ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჩვენს მიერ წამოწყებული ჰუმანიტარული აქცია გახდა, რაც გაცხადდა ერთ-ერთი ონლაინ შეხვედრის დროს.

მიმდინარე და „მომავლის პროექტები“-ს ფარგლებში გაზიარებული იდეებისთვის 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ნომინაციის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი გახდა სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, რომელიც მიწვეულია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში 2022 წლის 29 მაისს დაჯილდოების გასამართ ცერემონიალზე.

წარმატებას ვუსურვებ „2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელ“ ქალბატონს ნანა კვარაცხელიას მიმდინარე და „მომავლის პროექტები“-ს განხორციელების გზაზე.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions