საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა


2022 წლის 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია შედგა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ამილახვარი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილიმა, ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ზურაბ მებონიამ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

პრეზენტაცია გახსნა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ბატონმა ნუგზარ რუხაძემ.  ღონისძიების მოდერატორმა ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ თავის გამოსვლაში ნაშრომის შესახებ აღნიშნა: „ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივის თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი კონცეპტუალური ხედვის ნაშრომები არ არსებობს და, ამ თვალსაზრისით, ის უნიკალურია.“

 

გამომსვლელებს შორის იყვნენ გიორგი ვოლსკი, გიორგი ამილახვარი, ჯემალ გამახარია და თამაზ ხუბუა. მათ მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. ასევე აღნიშნეს წიგნის ავტორის ბატონი ზურაბ ხონელიძის ბრწყინვალე დიპლომატიური გამოცდილება, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ნაშრომის შეფასების გარდა პრეზენტაციაზე ავტორის მიმართ დაისვა შეკითხვები, რომელსაც ამომწურავი პასუხები გაეცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ფართო საზოგადოებას მისი ნაშრომით დაინტერესებისა და პრეზენტაციაზე მობრძანებისათვის.















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions