უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენება წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან ისაუბრა მიზეზებზე, რამაც გამოიწვია აღნიშნული პროექტის უკან გამოწვევის აუცილებლობა. ამასთან აღნიშნა, რომ იურისტები მზად არიან განმარტონ პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალი როგორც კომიტეტებში, ისე ფრაქციებში.
ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ჩვენ გამოცდების გაუქმებას და მე-16 მუხლის ამოღებას მოვითხოვდით, რაც არ იქნა გაზიარებული შესაბამისი უწყებების მიერ, თუმცა დანარჩენი რაზეც შევთანხმდით დადებითად იმოქმედებს ამ მიმართულებით.
საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ზურაბ ჯგუბურიამ.
საკითხის განხილვის შემდეგ, უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ. დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს აღიშნული კანონპროექტის გამოთხოვას.
სხდომის ბოლოს დეპუტატებმა ისაუბრეს ბელარუსის პოლიტიკაზე აფხაზეთთან დაკავშირებით, ბოლონდროინდელ ვიზიტზე მინსკში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ ყველა დონეზე გაკეთებულია განცხადებები რაც პოლიტიკურ ორგანოებს ევალება.
სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.