აფხაზეთის ომში, სოხუმის დაცემის 20 წლისთავზე - 27 სექტემბერს, დიდ საუფლო დღესასწაულზე, ჯვართამაღლების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს. ორდენი გადაეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას.
კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჟიული შარტავა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
იმავე დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგებისის გამოთქვა ინიციატივა, რომ 23 მაისს, წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდეს ”აფხაზეთობა”.
ელგუჯ გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: აფხაზეთის ტრაგედის 20 წლისთავზე პატრიარქის მიერ ჩვენი ლეგიტიმური ხელისუფლების დაჯილდოვება არის უდიდესი პატივი. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენები საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები. ამით პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნა და ღირსეული პატივმიგება გვმართებს. მან შეგვიფასა ის ეკლიანი გზა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და საზოგადოება დღემდე მივუყვებით... პატრიარქმა დაინახა ის, რისი დანახვაც წლების მანძილზე ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ, ანუ ის, რომ ჩვენ მხრებზე ძალიან დიდმა ტვირთმა გადაიარა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გავუძელით გულგრილობასაც და ყველანაირ შიდა და გარე მტრობასაც, გულწრფელად ვემსახურეთ ქვეყანას ჩვენთვის უმძიმეს პერიოდში... ”საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო” - ასე მოიხსენია მან ქადაგებაში ჩვენი ლეგიტიმური ხელისუფლება... ეს არის ყველა აფხაზეთელის ორდენი, რომელმაც არ უღალატა თავის ერს, წეს-ჩვეულებებს, ადამიანურ მრწამსს, მართლმადიდებლობას. მხოლოდ ამ თვისებების და ღირსების შენარჩუნებით გადაგვარჩენს ყოვლისშემძლე უფალი. ურთულეს რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ მინიმალური დანაკარგებით უნდა მოვახერხოთ გრდემლსა და უროს შორის გავლა, რომ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, სახელმწიფოებრიობა, ტერიტორია.
რაც შეეხება ”აფხაზეთობის” დაწესებას, ეს ყოველთვის იყო ჩვენი გულის წადილი, თუმცა ხელშეწყობა არასოდეს გვქონია. აფხაზეთის საზოგადოების წევრები მწირი შესაძლებლობებით აღნიშნავდნენ ხოლმე გაგრის და სოხუმის დღეებს, მაგრამ ამას მხოლოდ ლოკალური ხასიათი ჰქონდა. ამჯერად კი, დარწმუნებული ვარ, უწმინდესის კურთხევით ჩატარებული ”აფხაზეთობა” იქნება ყოველთა ქართველთა და იმავდროულად აფხაზთა გამაერთიანებელი, მოიცავს სრულიად საქართველოს და ჩვენი აფხაზეთში დაბრუნების შემდეგაც ფართოდ აღნიშნავს ამას საქართველოს მოსახლეობა...”