სვეტლანა ქეცბა - 80

 

 

 

17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენების კავალერს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 80 წელი შეუსრულდა.

 

 

 

 

ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის სვეტლანა ქეცბა დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სვეტლანა ქეცბას 80 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა

 

ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო 80 წლის იუბილე ადამიანს, რომლის განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითია.

 

ქალბატონი სვეტლანა ქეცბა საქართველოს უახლესი ისტორიის მეტად რთულ დროს დაუღალავად ემსახურება ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნებას.

 

იგი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელთა ნამოღვაწარმაც უნდა ააგოს ქართულ-აფხაზური შერიგების ხიდი, ქართველთა და აფხაზთა ნათესაური, მეგობრული ურთიერთობები, აფხაზეთის დაბრუნება და აფხაზეთში დაბრუნება.

 

ვუსურვებ ქალბატონ სვეტლანას დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ყველა ჩვენგანისთვის სანუკვარი ოცნების ასრულებას.

2013 წლის 17 ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მილოცვა

 

 

ქალბატონო სვეტლანა,

 

თქვენს მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა არის ნამდვილად მისაბაძი მაგალითი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვისა.

 

თქვენი მოღვაწეობის ყველა უბანზე - ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე, დღევანდელი აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის რანგში - ყოველთვის ავლენდით მაღალ ზნეობას,  მტკიცე სულიერებას და,  განსაკუთრებით, ფაქიზ მზრუნველობას ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურის შესანარჩუნებლად. ნიშანდობლივია, თქვენი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა „აფხაზეთის ხსნის კომიტეტში". სახალხო დიპლომატიის სფეროში გამოვლენილი თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის და პასუხისმგებლობის აშკარა დასტურია უმაღლესი სახელმწიფო და საეკლესიო ჯილდოები - „ღირსების ორდენი" და „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი".

 

აფხაზეთში დატრიალებულმა უდიდესმა ადამიანურმა ტრაგედიამ, ურთულესმა პოლიტიკურმა ქარტეხილებმა ვერ შეგაცვლევინათ  ქართულ-აფხაზური ნათესაური კავშირების, მეგობრული თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის მრავალსაუკუნოვანი ვექტორი, რაშიც  ვხედავთ თქვენი სულის სიმხნევის, სისპეტაკისა და უშრეტი ენერგიის წყაროს.

 

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თქვენი ოპტიმიზმი და თავდაუზოგავი ღვაწლი კიდევ დიდხანს ემსახურება ჩვენი თანამემამულეების სულიერების აღმავლობას, წინაპრების უკვდავი სიბრძნის - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" -გზით სანუკვარი ოცნებისაკენ სვლას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს გულწრფელად გილოცავთ ღირსეულ იუბილეს.

17 ოქტომბერი 2013

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის                აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის                 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია                                        ელგუჯა გვაზავა

 

 

 

 

 

საიუბილეო საღამო

 

კონსერვატორიის მცირე დარბაზში აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა ქალბატონ სვეტლანა ქეცბასადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ საზოგადოების, ხელისუფლების, სამღვდელოებისა და ხელოვნების წარმომადგენლები.

 

იუბილარს მიესალმნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მეუფე დანიელი, დეკანოზი ბიძინა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ჟორდანია, პოეტი მზია ხეთაგური და სხვა. ხელოვნების წარმომადგენლებმა მუსიკალური ნაწარმოებები მიუძღვნეს იუბილარს.

 

ქალბატონმა სვეტლანამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მისი ღვაწლის დაფასებისა და თანადგომისათვის. აღნიშნა, რომ კვლავინდებურად გააგრძელებს ზრუნვას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და განმტკიცებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions