დეპუტატი რაისა ქარაია ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობის მოსალოდნელი შევიწროების თემას


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის ”ქართული ოცნება-ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე  რაისა ქარაია ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობის მოსალოდნელი შევიწროების თემას.

 

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ  გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებ ქართველებს უკვე ართმევენ ეგრეთ წოდებულ აფხაზურ პასპორტებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ოჯახების აღრიცხვა, რომელთა თუნდაც ერთი წევრიც კი მონაწილეობდა 1992-93 წლების საომარ მოქმედებებში. ვფიქრობ, ახალი სეპარატისტული ხელისუფლება აიძულებს ქართველ მოსახლეობას უარი განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე, რამეთუ სრულებით არ სჭირდებათ მათ იქ არავითარი ქართული ელემენტის არსებობა, უფრო მეტიც,   ქართველების ჩანაცვლებას რუსი მოქალაქეებით აპირებენ, ან კიდევ საუკუნის წინ გადასახლებული მუჰაჯირებით, რომლებიც ახლა რეპატრიანტებად მოგვევლინენ. რუსეთი ცდილობს აფხაზეთში დემოგრაფიული ფონის შეცვლას, რომ შემდეგ ერთ-ერთ თავის რეგიონად აქციოს. მიტინგზე გახმოვანებული კრემლის ლოზუნგები არ არის აფხაზი ხალხის ნება.  უხუცესებმა უკვე განაცხადეს, რომ მიზანმიმართულად ხდება აფხაზეთის წაშლა დედამიწის ცნობიერებიდან. ეროვნული სულისკვეთების აფხაზები, ცხადია, ამას არ ეგუებიან, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამ კრიზისის დაძლევა სცილდება მათი შესაძლებლობის ფარგლებს.

 

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება არაადეკვატურია აფხაზეთის კრიზისის მიმართ და მიიჩნევენ რომ საგანგაშო იქ არაფერი არ ხდება. ამაზე მეტი საგანგაშო რაღა უნდა იყოს, როცა ოფიციალური ”გადაფორმება” მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიის? აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით ანუ ზეწოლით გადააყენეს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება დასახელდა. არცერთი სეპარატისტული ხელისუფალი იქ პროქართული არ ყოფილა. ანქვაბი უფრო პროაფხაზური ფიგურაა, ხაჯიმბა კი პრორუსული. ცხადია, რუსეთს ანქვაბი (მანამდე კი ბაღაფში) ფეხებში ებლანდებოდა იმპერიული გეგმების გახორცილებაში. გადავხედოთ ისტორიას, რუსეთი არასასურველ პიროვნებას სხვადასხვა მეთოდით იშორებდა თავიდან. ბაღაფშის გარდაცვალება დღემდე იდუმალებითაა მოცული. ანქვაბს 6-ჯერ მოუწყვეს თავდასხმა. უკვე 20 წელია იმპერიალისტები იტანენ რუსეთის კმაყოფაზე მყოფი აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სოჭის მსგავსად იჩუქონ. ეს არის აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომი ეტაპი ანექსიისკენ. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამისკენ. ახლა ნიადაგს ამზადებს რეფერენდუმისთვის, სადაც მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებულ ურთიერთობას. ცხადია, ამაში ქართულენოვანი მოსახლეობა ხელს უშლის, ამიტომაც გახდა საჭირო მათი გამოძევება იქიდან, ან კიდევ ხმის უფლების ჩამორთმევა. ქართველებს ისედაც რთულ პირობებში უწევდათ ოკუპირებულ სამშობლოში ცხოვრება - პოლიტიკურ, მატერიალურ თუ  მორალურ ზეწოლას ვგულისხმობ, ახალი რეჟიმის პირობებს როგორ გაუძლებენ, ვერ გეტყვით, თუმცა აფხაზეთიდან ქართველის სრულიად ამოძირკვას სჯობს იძულებით "პასპორტიზირებული" მისი იქ ყოფნა.  რუსეთი ირწმუნება, რომ არ ერევა ”დამოუკდებელი” აფხაზეთის შიდა საქმეებში, მაგრამ ამის მსგავსი განცხადებების მეტი რა გვსმენია 1992-93 წლების ომის პერიოდში და რა მივიღეთ ასეთი ”ჩაურევლობის” შედეგად ყველას გვახსოვს. იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან შორს იდგა. დღეს შეიძლება ჟენევის ფორმატის გამოყენება ამ პრობლემის მოსაგვარებლად - უნდა დაისვას საკითხი, რომ რუსეთმა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში კონტროლის განმხორციელებელმა ძალამ არ დაუშვას ქართულენოვანი მოსახლეობის შევიწროება და უზრუნველყოს მორიგი ეთნიკური წმენდის თავიდან აცილება.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions