გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მაყვალა ბერიანიძის ახლახანს გამოცემული წიგნების - ”ებრძანოს?...აფხაზები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში” და ”ორივე მხარეს...” წარდგენა გაიმართა. ორივე გამოცემა უშუალოდ აფხაზეთის პრობლემატიკასთანაა დაკავშირებული.
კრებული ”ებრძანოს?...აფხაზები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში” 20 ათასი ოსმალური საარქივო დოკუმენტიდან ტენდენციურად ამოღებულ და 2012 წელს, სტამბულში წიგნად გამოცემულ მცირე მასალას ეხმიანება, რომელიც საქართველოს წარსულს, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობას ეხება და ავტორის უკმაყოფილება გამოუწვევია. საკუთარი გამოცემის შესავალში მაყვალა ბერიანიძე სტამბულში გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ”მზაკვრულია ჩანაფიქრი! ... დროა შერჩეული! ქართველებსა და აფხაზებს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობა და კიდევ რომ გაფუჭდეს, ამისთვის გაისარჯნენ და ”იღვაწეს!”
ორმოცდათხუთმეტი თავისაგან შემდგარ კრებულში - ”ებრძანოს?...”, არაერთ საინტერესო და ისტორიულად საგულისხმო დოკუმენტურ მასალას და ამბავს გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი, რომლის შესავალში ავტორი აღნიშნავს: ”ისე ძლიერ მიყვარს აფხაზეთი და აფხაზები, რომ სხვისთვის ვერ გავიმეტებ, რადგან ვერ ვხედავ იმათ, ვინც ისე გულწრფელად შეიყვარებს მათ, როგორც მე შევიყვარე!”
მაყვალა ბერიანიძის მეორე წიგნი ”ორივე მხარეს...” საქართველოს ეროვნული გმირის, ავტორის მეგობრის, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და როგორც ქალბატონი მაყვალა ამბობს, ჟიული შარტავასთან ერთად ბევრი გმირის სიცოცხლეს იტევს. აქ ერთადაა შერწყმული ძველი და ახალი ამბები, ლაღი აფხაზეთი და ომის დღეები... ორივე მხარეს მყოფ ადამიანთა ცხოვრების ანარეკლები.
მწერალთან და პუბლიცისტთან, მაყვალა ბერიანიძესთან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს პატრიოტული იდეით ნასაზრდოები წიგნების გამოცემის გამო და აღნიშნეს, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზე არ უნდა კეთდებოდეს. ”ასეთი წიგნები ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ, რომელმაც ისე უნდა გაისროლოს, ყველამ გაიგოს, რომ ორივე მხარეს საქართველოა, ორივე მხარეს აფხაზეთია! ”- აღინიშნა შეხვედრაზე.