აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ქეთევან ციხელშვილთან და საგანგებო დავალებათა ელჩთან რუსლან აბაშიძესთან.
საუბარი ძირითადად შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით: ”ეს არის ძალზედ რთული პოლიტიზებული ფორმატი, რომელიც საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ დაპირისპირებული მხარეებისთვის ერთადერთი ღია ფანჯარაა, სადაც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები კონკრეტულად ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარესა და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრებზე ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება რუსული მხარის ძალისხმევიდან გამომდინარე, რომელიც ცდილობს წარმართოს მოლაპარაკებები უშედეგობისა და არაეფექტურობისკენ, საბოლოოდ კი მისი ჩაშლისკენ. ქართული მხარე მოქნილი და ფრთხილი მეთოდებით ინარჩუნებს აფხაზურ მხარესთან კონტაქტის ამ ფორმას, ეძებს გამოსავალს, რათა მოლაპარაკებების პროცესს შემდგომი დინამიკა ჰქონეს”.
შეხვედრის ბოლოს აღნიშნულ პრობლემებზე მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აგრეთვე აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წევრებმა. მათი აზრით, ჟენევის ფორმატის შემდგომი ეფექტური მუშაობისთვის მიზანშეწონილია მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.