პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეების“ ჩატარების შესახებ

მიმდინარე  წლის  26 ნოებრიდან 2 დეკემბრამდე პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014  ფორმატში,  დაგეგმილია  „აფხაზეთის კულტურის დღეების“ ჩატარება (იხ. www.diamonds-voice.cz).

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Diamonds Voice (“ბრილიანტის ხმები”)  ყოველწლიურად ტარდება  პრაღაში  ტრადიციული ევროპისა და  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (რფ, უკრაინა, ბელორუსი, საქართველო, მოლდავეთი, უზბეკეთი)  ინდივიდუალური შემსრულებლების და საესტრადო ანსამბლების  მონაწილეობით. წლევანდელი  Diamonds Voice-2014  ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის და პირადად სენატის ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნ ზდენეკ შკრომახის უშუალო პატრონაჟით.

ფესტივალის ორგანიზატორის (სამოდელო სახლი NARIMODELS, ing. Iosef  Cermak), გენერალურ სპონსორთა (Hotel BELVEDER PRAGUE,  Metropolitan District Prague 6,  პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტი,  კომპანია Ekotekhnika CZ,  Radio CZ-I  და სხვ.),  ასევე ფესტივალის პატრონატის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული კულტურული  ღონისძიების ფორმატში, პირველად დევნილობის  მთელ პერიოდში, სრულად ჩართულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები.

იდეის ავტორი და კოორდინატორია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:

1.აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის, საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი ჯაიანის მონაწილეობა Diamonds Voice-2014  საერთაშორისო ჟიურის მუშაობაში.

2.აფხაზეთის ა/რ  სახელმწიფო კაპელის (ხელმძღვ. გ. ყურაშვილი) მონაწილეობა ფესტივალის საზეიმო გახსნის და გალა-კონცერტებში (აფხ. ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის I მოადგილე მ.ქვაჩახია, მინისტრის თანაშემწე ზ.მიქავა).

3. აფხაზეთის  ა/რ მხატვართა კავშირის (თავმჯდომარე-აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი  ბ-ნი ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის  ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბაძაღუა)  წევრების 40-ზე მეტი  ნამუშევრის გამოფენა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში.

4.გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის,  I რესპუბლიკის  დამფუძნებელი კრების  წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის (1880-1939) ემიგრაციის პერიოდში (1922-1939) მისი  უკანასკნელი საცხოვრებელი სახლის (პრაღა-4, ლისტოპადის ქ.) ფასადზე  სახელობითი მემორიალური დაფის დაყენება(ნატო მარშანია-ა.ემუხვარის შთამომავალი)

5. აფხაზეთის ა/რ ოფიციალური დელეგაციის საზეიმო მიღებები:

-ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში;

-კარლოვარსკი რეგიონის (ქ.კარლოვი-ვარი) გუბერნატორთან;

-პრაღა-6 (Metropolitan District Prague 6) მერიაში;

- შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

6.   ფესტივალის საზეიმო დახურვის  ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკასა და   საქართველოს  რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში კარლოვარსკი რეგიონსა (Governor Josef  Novotny)  და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას (აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი ავთანდილ ბერიძე) შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმზე  ხელმოწერის  ცერემონიალი აფხაზეთის ა/რ ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით.

7.    აფხაზეთის ა/რ  მხატვართა  ნამუშევრების კატალოგის, ისტორიკოსის-აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჯ.გამახარიას  „აფხაზეთის/საქართველოს პოლიტიკური ისტორიის“ (ჩეხურ ენაზე) და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ზ.ჯგუბურიას  „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში“  (ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე) წიგნების გავრცელება ფესტივალის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს  შორის.

8. აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელების (ვახტანგ ყოლბაია, ელგუჯა (გია) გვაზავა) ინფორმაციები აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხებზე ჩეხეთის მას-მედიის, კულტურის, სამეცნიერო და პოლიტიკური წრეების,  ქართული დიასპორის  წარმომადგენლებისთვის.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions