წიგნის პრეზენტაცია, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა


საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა წიგნის - ,,მე მოვალ თქვენთან" პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა. წიგნში შესულია აფხაზეთის ომში მამაცურად დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსები, ილუსტრაციებად გამოყენებულია ასევე ომში დაღუპული მხატვრების - სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნახატები. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.

 

გამოცემა ეძღვნება  სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს - 27 სექტემბერს და იგი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანა ვალშია ამ გმირების წინაშე, რომ ისინი ბრძოლაში არ დამარცხებულან. ბრძოლა მათ წააგეს, ვინც იმ დღეებში ცისფერ ეკრანზე ადევნებდა თვალს, თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან მისი ქვეყანა  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

 

პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საღამოს გაუძღვა პროექტის ავტორი და რედაქტორი სალომე კაპანაძე. აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების შემოქმედების ამსახველი კრებულის გამოცემის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ომის გმირების ფენომენზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ომის ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა,  ცნობილმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებმა.

 

პრეზენტაციის დასასრულს სალომე კაპანაძემ  მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა თენგიზ ძაძამიას, ნუკრი ცისკაძისა და სანდრო ვაჩეიშვილის შვილები, რომლებაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს მათი მამების ხსოვნისა და შემოქმედების დაფასებისათვის და განაცხადეს, რომ ეამაყებათ საკუთარი მამების შვილობა და განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველგვარი შურისძიების გარეშე ყველაფერი გააკეთონ აფხაზეთის მშვიდობიანად დასაბრუნებლად.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions