სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზეიმო შეხვედრა გამართა აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა მიესალმა „მაგთი-ჯაზ -კლუბში“ მოწვეულ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან საღამოს უწოდა”შეხვედრა მომავალთან” და მადლობა გადაუხადა საღამოს სპონსორებს: მაგთის, ლიბერთი ბანკის, ავერსისა და ჯიპისის მესვეურებს.
ელგუჯა გვაზავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორატთა აბსოლუტური უმეტესობა, ისევე როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტების ხელშეწყობის საქმეში, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორებს და თითოეული მათგანი უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში მათი პირადი ღვაწლისათვის და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის.
სტუდენტი-ახალგაზრდობისა და ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ მომღერლები ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე, თეატრის მსახიობები და ბენდი;
სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს გულთბილად მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, დედაქალაქის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წარმომადგენელი ავთანდილ ბესელია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ივანე სეხნიაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნათელა დოღონაძე და სხვები.
საღამოს ორგანიზატორებმა, სპონსორებმა და უნივერსიტეტების რექტორატმა წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები, გადასცეს ფასიანი საჩუქრები.