წიგნის პრეზენტაცია


ა.წ. 9 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში  ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული წიგნის - „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები“, პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

 

პრეზენტაცია-განხილვის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წიგნის „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალების“ შესახებ საფუძვლიანი მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა მურმან პაპაშვილმა და ბეჟან ხორავამ. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ისტორიკოსებმა,  პროფესორებმა - მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ლია ახალაძემ, ოთარ ჟორდანიამ, ზურაბ პაპასკირმა, აგრეთვე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

თითოეულმა გამომსვლელმა წიგნის გამოცემაში მისი შემდგენელისა და რედაქტორის, პროფესორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ გამახარიას განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რადგან „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალებს”, როგორც დამატებით ისტორიულ წყაროს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლის დასადგენად. ეს მასალები, რომლებსაც ადრე ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური და საეკლესიო ისტორიის შესწავლისას, თვალნათლივ წარმოაჩენს მე-17 საუკუნის აფხაზეთის რეალობას. რუსული ელჩობის მასალები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი იმ პერიოდშიც ქართველებით დასახლებული საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს კი, აღნიშნული მასალების სრული იგნორირებით, რუსეთის მმართველები  თავიანთი უკანონო ქმედებების გამართლებას  იმაზე აპელირებით ცდილობენ, თითქოს აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენელი, ქართველებით დასახლებული  ნაწილი.

„გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალებს” დართული აქვს ჯემალ გამახარიას ვრცელი წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო გამოკვლევა-ანალიზი ქართულ-რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც განხილვაში მონაწილეთა განმარტებით, მეცნიერის სკურპულოზური, იუველირის სიზუსტით შესრულებული  მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისათვის. მასალებს თან ერთვის აგრეთვე სამეცნიერო კომენტარები, ძველრუსული-რუსულ-ქართული ლექსიკონი, საძიებლები და 1636-1640 წლების კალენდარი.

წიგნს აქვს სამეცნიერო, სასწავლო, საგანმანათლებლო დანიშნულება და განსაკუთრებული ინტერესის საგანია მათთვის, ვინც რუსულ-ქართული ურთიერთობების, დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისა და აფხაზეთის ისტორიის კვლევით არის დაკავებული. ამავე დროს ნაშრომს აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა.

პრეზენტაცია-განხილვის დასასრულს ბატონმა ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას წიგნის მაღალი შეფასებისათვის, გამოთქმული შენიშვნებისათვის.




































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions