ხაჯიმბა აფხაზეთს ანქვაბის კადრებისგან ათავისუფლებს

 

რა ხდება ალექსანდრე ანქვაბის თავს, რას უპირებენ მას რუსები, რა პროცესები დაიწყო აფხაზეთში? - ამ თემებზე ”ახალ თაობას” აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავა ესაუბრება. აღნიშნული ინტერვიუ ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

 

- აფხაზური მედიის ცნობით, ალექსანდრე ანქვაბი თბილისში მკურნალობს. მეორე ვერსიით, ის თურქეთში მკურნალობს. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა ხდება მის თავს?

- ანქვაბი თბილისში არ მკურნალობს. ეს არის გავრცელებული ჭორები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მართლაც გაუარესებულია. დარწმუნებული ვარ, ამაში რუსეთის ხელი ურევია.

 

- რატომ გგონიათ, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესებაში რუსეთის ხელი ურევია?

- იმიტომ, რომ ანქვაბი მათთვის დღემდე რჩება საფრთხის შემცველ ფიგურად. ის დღეს აღარ არის თანამდებობაზე, ამის მიუხედავად, მას მაინც შეუძლია მოსკოვს პრობლემები შეუქმნას. რუსებმა ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომაც ჩამოაშორეს ის ხელისუფლებას.

 

- რა პრობლემის შექმნა შეძლო ანქვაბს რუსეთისთვის?

- მას ნებისმიერ დროს შეეძლო, რუსეთისთვის ზურგი ექცია. მან არც იმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც დღეს აფხაზეთი ფაქტობრივად რუსეთის ნაწილი გახდა. ამ მიზნის მიღწევას რუსები 1993 წლიდან ცდილობენ. ამაზე მათ ვერც არძინბა დაიყოლიეს, ვერც ბაღაფში და ვერც ანქვაბი. აქედან 2 საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მესამე კი ცუდად არის.

 

- რატომ ფიქრობთ რომ არძინბა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა? მას ხომ თავიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობასთან პრობლემები?

- მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია პრობლემა. ის ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევდა, არც სვამდა და არც სიგარეტს ეწეოდა. მის ოჯახს ახლოს ვიცნობდი და არძინბას შესახებ ყველაფერი ვიცი. აქედან გამომდინარე შემიძლია იმის თქმა, რომ ის საეჭვო ვითარებაში დაავადდა. თუ გახსოვთ, როცა არძინბა ძალიან ცუდად იყო, მისი ჩანაცვლება რუსებმა ხაჯიმბათი მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხმა ბაღაფშს მისცა ხმა. ისიც საეჭვოდ გარდაიცვალა.

 

- ამ თემაზე არაერთხელ დაიწერა. ამაზე ბევრს ლაპარაკობდა რუსული პრესაც. არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტი იმის დასადასტურებლად, რომ ის მოიშორეს?

- ყველაზე მთავარი ის გახლავთ რომ, არძინბას მსგავსად, არც ის უწერდა რუსებს მათთვის სანატრელ ხელშეკრულებაზე ხელს. არძინბას მსგავსად, ისიც მოულოდნელად გახდა ავად. დიაგნოზის დასასმელად თურქეთში წავიდა. როგორც ამბობენ, ისრაელში წასასვლელად ვიზა უკვე მიღებული ჰქონდა, მაგრამ კრემლიდან ურჩიეს, მოსკოვში გაეკეთებინა ოპერაცია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მას კიდევ ჰქონდა ერთი გზა _ შეეძლო, თბილისში ჩამოსულიყო სამკურნალოდ. მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა. სიამოვნებით მიიღებდნენ აქ, მაგრამ ამას, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გააკეთებდა. იძულებული გახდა, რუსეთში წასულიყო სამკურნალოდ, სადაც გარდაიცვალა. აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარეს, სადაც კიდევ ერთხელ იყარა ხაჯიმბამ კენჭი. მოსკოვი ისევ მას უჭერდა მხარს. ხალხმა არჩევანი ანქვაბის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც რუსეთისთვის ყველაზე მიუღებელი ფიგურა იყო. მას აფხაზეთშიც ბევრი მტერი ჰყავდა.

 

- ვინ მტრობდა მას აფხაზეთში?

- კრიმინალური სამყარო. მას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენ ერთ დროს ვმუშაობდით ერთ უწყებაში. ის გუდაუთის მილიციის უფროსი იყო, მე _ გულრიფშის. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან ბევრი რამ გააკეთა. გუდაუთის რაიონი მთლიანად გაწმინდა კრიმინალებისაგან. მაშინ რაიონის კრიმინალებისგან გაწმენდა ასე იოლი არ იყო. გავწმენდდით იქაურობას კრიმინალებისგან, ცოტა ხანს სადღაც წავიდოდნენ და მერე ისევ უკან ბრუნდებოდნენ. მათ გამო დიდ გაჭირვებაში ვიყავით. ანქვაბმა გუდაუთაში კრიმინალები მთლიანად ამოძირკვა. იქ კანონიერი ქურდებიც ვერ შედიოდნენ. ამ ხალხს, ბუნებრივია, მასზე ძველი ბოღმა შემორჩა. მათ დაემატა მოსკოვის ფაქტორიც. ანქვაბი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ ხელშეკრულების გაფორმების, რასაც ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით აფხაზეთი მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

 

- ამას აფხაზები არ აპროტესტებენ?

- ვისთან უნდა გააპროტესტონ? არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმში არ არის, რომ მათ მაინც მიაწვდინონ ხმა. ყველაზე ცუდ დღეში მაინც იქ დარჩენილი ქართველები აღმოჩნდნენ.

 

- ისინი ყოველთვის მძიმე დღეში იყვნენ, რა დამატებითი პრობლემები შეექმნათ ახლა?

- ადრე მათ ენგურზე ასე თუ ისე შეეძლოთ გადმოსვლა. ე.წ. საზღვარზე აფხაზები იდგნენ და მათთან კიდევ შეიძლებოდა დალაპარაკება. ახლა იქ მარტო რუსი ჯარისკაცები დგანან. აფხაზებს იქ არ აჭაჭანებენ.

 

- ფსოუზე რა ხდება ამ მხრივ?

- იქაც მარტო რუსები დგანან. აფხაზებს სიახლოვეს არ აკარებენ. ხაჯიმბამ აფხაზეთი იმ დღეში ჩააგდო, რაზედაც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. რამდენჯერ ვუთხარით ჩვენ აფხაზებს, რომ მათ რუსეთის იმპერია დაიმონებდა. ახლა ახდა ეს ამბავი.

 

- იქ დარჩენილ ქართველობას დავუბრუნდეთ. რა მდგომარეობაა დღეს გალის რაიონში?

- იქ უმძიმესი მდგომარეობაა. 23 ათას ადამიანს ჩამოართვეს და გაუუქმეს პასპორტები.

 

- ეთნიკურ ქართველებზეა საუბარი?

- დიახ, ეთნიკურ ქართველებზე მოგახსენებთ. მათ პასპორტები გაუუქმეს. მათთან შესახვედრად აფხაზებთან ერთად კრემლის მესვეურებიც ჩავიდნენ. მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ ადამიანებს ე.წ. აფხაზურ პასპორტებს არ მისცემენ. იქ მოქმედი კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს. იქ მყოფ ქართველებს მხოლოდ ცხოვრების უფლება ექნებათ. იმათ კი, ვინც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეა დარეგისტრირებული, აფხაზეთში შესვლას აუკრძალავენ. ასე ნელ-ნელა დაიცლება გალის რაიონი და აფხაზეთში ქართული ეთნოსი აღარ დარჩება.

 

- იყო საუბარი იმის შესახებაც რომ ხაჯიმბას ხელისუფლება იქ მცხოვრები ქართველების გამოყრას აპირებდა. გასულ წელს წინასაარჩევნოდ მან ეს პირობა დადო და განაცხადა, ეს ხალხის დაკვეთააო.

- გარკვეულ ძალებს და მათ შორის ხაჯიმბას, დიდი ხანია უნდათ, რომ ქართველები იქიდან მთლიანად გამოყარონ. თუმცა რადიკალური ზომების მიღებისგან მაინც თავს იკავებენ.

 

- რადიკალური ზომების მიღებისგან თავს რატომ იკავებენ, რუსეთი არ აძლევს ამის უფლებას?

- რაღაც დოზით რუსეთიც არ მისცემს მათ ასეთი მოქმედების უფლებას. ამას დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება. რადიკალურ ზომების ნაცვლად ქართველების შევიწროვება დაიწყეს. იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იქ ქართველები აღარ დარჩებიან.

 

- თქვენი ინფორმაციით, დაიცლება გალი ქართველებისგან?

- ასე თუ გაგრძელდა, დაიცლება. საშინელი ვითარებაა განათლების სფეროშიც. ბავშვებს ქართულ ენაზე სწავლასაც კი უკრძალავენ. კატასტროფულად შემცირდა ქართული ენის საათები. ქართულს კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა.

 

- სწავლა აფხაზურად მიმდინარეობს თუ რუსულად?

- ისევე, როგორც მთელს აფხაზეთში, აქაც რუსულად ასწავლიან სკოლებში.

 

- აფხაზი ბავშვებიც რუსულად სწავლობენ?

- რუსულად სწავლობენ. აფხაზური სკოლა იქ აღარ არსებობს. სწავლება რუსულ ენაზეა. ეს ამბავი მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებენ. მაშინვე ააწიოკებენ. იქ აფხაზური მოსახლეობაც დაუცველია. წლების მანძილზე აფხაზებთან გვქონდა მოლაპარაკებები. ოთხმხრივი შეხვედრები თითქმის ყოველ კვირა იმართებოდა. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათთან კონტაქტი არ გვქონოდა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთი ჩამოგვაცილოს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის შანსები იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდეს.

 

- რა შანსებია, ბატონო ანზორ?

- საბედნიეროდ, არსებობს მოდელი, რომელიც საფუძვლად დაედო ჰონკონგის ჩინეთის იურისდიქციაში მშვიდობიან გადასვლას. ისტორიულად ცნობილია ფინეთისა და სსრკ-ის სამხედრო დაპირირისპირების პარადოქსები, როდესაც უზარმაზარი საბჭოთა მონსტრის წინაშე მდგარმა პატარა ფინეთმა თავისი პრაგმატული, თავგანწირული, არაორდინალური სამხედრო ქმედებებით, სუფთა პარტიზანული ტაქტიკით, სწრაფი მანევრირებით დაიცვა ქვეყანა, აიძულა სტალინი, ზავზე წასულიყო და ამით დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ამ ომში ფინეთს არც დამხმარე, არც თანამდგომი ჰყოლია. მისი კომპრომისი შემოიფარგლა ვალდებულებებით, რომ ფინეთი არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაერთიანდებოდა, თანაც დათმო კარელიის ტერიტორია. დღეს ფინეთი თავისი დემოკრატიული წყობით ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა.

 

- მაისის დასაწყისში აფხაზეთში ადგილობრივ შსს-ს და დაცვის სახელმწიფო სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც შს მინისტრის პოსტი შეეწირა. იქ კლანური დაპირისპირებები დაიწყო?

- ამ დაპირისპირებას მე ანქვაბთან ვაკავშირებ. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ თანამდებობა შს მინისტრ ლოლუას დაატოვებინეს. დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს კი გაფრთხილებაც არ მისცეს.

 

- ანქვაბი ამასთან რა შუაშია?

- ლოლუა მისი მარჯვენა ხელი იყო. მათ ახლაც ჰქონდათ კონტაქტები. ეს გაიგო ხაჯიმბამ და მის მოსაშორებლად ოსტატურად მოიფიქრა ეს დაპირისპირება. თანამდებობებზე მხოლოდ ისეთ ხალხს ნიშნავენ, ვინც რუსეთის ერთგული იქნება.

 

- ახალი შს მინისტრი ასეთია?

- ამ პოსტზე ბესლან ხაგბა დანიშნეს, რომელიც ამათი კადრია. ხელისუფლებაში კიდევ თუ ვინმე შემორჩა ანქვაბის კადრი, ყველას გაათავისუფლებენ, ანქვაბი დღესაც საშიშია.

 

- დღეს რატომ არის ის საშიში?

- მას ბევრი სკანდალური ინფორმაცია აქვს.

 

- რასთან დაკავშირებით?

- ის ბევრ სკანდალურ ინფორმაციას ფლობს, რომელთა გაჟღერებაც რუსეთს არ აწყობს.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions