აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განაცხადება

 

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის იმპერიული ინტერესების უსიტყვო აღმსრულებელი, რომ იქნებოდა, ამაში ეჭვი ადრეც არავის ეპარებოდა. ეს თვალნათლივ კიდევ ერთხელ დადასტურდა მის გამოსვლაში „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმზე“. რ.ხაჯიმბამ რუსეთიდან ფინანსური დახმარების მასშტაბების მნიშვნელოვანი შემცირება, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნას დაუკავშირა. თუმცა, იძულებული იყო შეფარვით ეხსენებინა რუსეთის  კატეგორიული მოთხოვნა – დაშვებულ იქნას უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვა.

 

ამის წინააღმდეგ გამოდის საზოგადოების ის ნაწილი,  რომელსაც კარგად ესმის ამ ნაბიჯის დამღუპველი შედეგები აფხაზური ეთნოსისათვის. როგორც გამოჩნდა, რისი მიღწევაც ადრე ვერ მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლითა და აფხაზური საზოგადოების აქტიურობით, ვ.პუტინის რეჟიმი რ.ხანჯიმბასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის დაშანტაჟების საშუალებით ანხორციელებს.  ძნელი მისახვედრი არაა: როდესაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს გალის რაიონის ქართველ  ახალგაზრდებს მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალოს, იმპერიის  შემდეგი ნაბიჯი აფხაზური ენის შეზღუდვა, აფხაზი მოსახლეობის  დაჩქარებული ტემპით რუსიფიკაცია და აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური  შემადგენლობის  რადიკალური  ცვლილება იქნება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.

 

აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების დაუფლების მსურველებს გვინდა შევახსენოთ გაეროს გენერალური ასამბლეის მთელი რიგი რეზოლუციები, მათ შორის 2015 წლის 3 ივნისის, აგრეთვე საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 20 მარტის დადგენილება “აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ  ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა  დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება  და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს გაეროს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარ სახელმწიფოებს თანმიმდევრულად დაიცვან საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქინებრივი უფლებები და მკაცრად დაგმონ დევნილთა ქონების მითვისების ფაქტები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი  საბჭო

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions