აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უმაღლესი საბჭოს წევრის მალხაზ ბარამიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს



საქართველოს სამეცნიერო ინტელიგენციას გამოაკლდა კიდევ ერთი ღირსეული  წარმომადგენელი, ღვაწლმოსილი  მამულიშვილი, საქართველოს პარლამენტის  წევრი 1992–2004 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცნობილი მეცნიერი, აფხაზეთის სიძველეების არქეოლოგიისა და უძველესი ისტორიის მკვლევარი, ისტორიულ  მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსი, აქტიური საზოგადო მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი მალხაზ ბარამიძე.

 

დიდია მალხაზ ბარამიძის დამსახურება ქართული არქეოლოგიური  მეცნიერების  განვითარების საქმეში, ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში გახლდათ არქეოლოგიური  ექსპედიციების სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.


განსაკუთრებულია პროფესორ მალხაზ ბარამიძის დამსახურება აფხაზეთის  არქეოლოგიური ეპოქების მეცნიერულ შესწავლაში. აღსანიშნავია მის მიერ 1976 წელს  ჩამოყალიბებული აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 15 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

 

მის მიერ აღმოჩენილი, აღნუსხული და მეცნიერულად შესწავლილ იქნა 200–მდე სრულიად ახალი ძეგლი აფხაზეთში, მოცემულია მათი მეცნიერული ანალიზი, ინტერპრეტაცია და დათარიღება.

 

პროფესორ ბარამიძის მეცნიერული  მემკვიდრეობა მოიცავს 250–მდე ნაშრომს, მათ შორის ოთხ მონოგრაფიას, რომლებიც თარგმნილია და გამოქვეყნებულია საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში.

 

აფხაზეთის საზოგადოება ღრმა პატივისცემით და მადლიერების გრძნობით ემშვიდობება მალხაზ ბარამიძეს ფასდაუდებელი, პატრიოტული და მამულიშვილური მოღვაწეობისათვის აფხაზეთში, საქართველოს ძირძველი კუთხის, აფხაზეთის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულის შედეგია აფხაზეთის საზოგადოებაში მოპოვებული უდიდესი ავტორიტეტი და პატივისცემა, რომლითაც ის სარგებლობდა მთელი სიცოცხლის  მანძილზე. პროფესორი მალხაზ ბარამიძე, როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი და პატრიოტი, აფხაზეთში საომარი მოქმედებების პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თბილისის აეროპორტის შტაბის მუშაობაში, სოხუმში სურსათისა და მოხალისეების გაგზავნაში, საომარი მოქმედებების ზონაში დაჭრილებისა და ლტოლვილების ევაკუაციის საქმეში.

მალხაზ ბარამიძე აფხაზეთის   საზოგადოების, მისი კოლეგების  მეხსიერებაში დარჩება, როგორც უმაღლესი რანგის მეცნიერი,  ჭეშმარიტი პატრიოტი მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე, თავმდაბალი და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე პიროვნება.

 

მისი ნამოღვაწარი, მეცნიერული ნაშრომები ფასდაუდებელ გზამკვლევად მოემსახურება საქართველოს ძირძველი კუთხის - აფხაზეთის უძველესი ისტორიის შემსწავლელ მეცნიერთა და არქეოლოგთა არაერთ თაობას.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions