”ცრუსთავი-2”-ის მორიგი გესლნთხევა
აქვს თუ არა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას
მილიონები... და ისიც უკონტროლო?!
„როგორ არ უნდა გტკიოდეს აფხაზეთი და როგორ უნდა გძულდეს შენი დევნილი თანამემამულეები, რომ შენი მიკერძოებული თუ შეკვეთილი სიუჟეტის „გასაპრავებლად“ იჭორაო იმაზე, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტული, სასიცოცხლო პრობლემაა და რასაც, როგორც ჩანს, ვერასოდეს ვერ შესწვდები ვერც ზნეობითა და ვერც გულით“! - ასეთ განცხადებას ავრცელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაცემა „PS“-სა და „ბიზნესკურიერში“ გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით.
- გადაცემას თავიდან ბოლომდე დაჰყვება ტენდენციურობა, - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა, - რატომ იყო გასაქილიკებელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გამონათქვამი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების არსებობა რომ არა, შეიძლება აფხაზეთის დაბრუნების იდეაც კი მოკვდესო“. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემის მხარდასაჭერად რაიმე სასიკეთო ეთქვათ, „რუსთავი-2“-მა ეს აზრი ვითომდაც ძვირადღირებული მანქანების, ფუფუნებაში და განცხრომაში მყოფი მილიონობით ლარების ხარჯვით დაკავებულ ჩინოვნიკებზე მოჭორილი ფაქტებით შეფუთა!
- მართლაც, რა არის თქვენი ფუნქცია, რისთვის არსებობს აფხაზეთის ხელისუფლება „უაფხაზეთოდ“?
- რას ჰქვია უაფხაზეთოდ? 300 ათასზე მეტი დევნილი „უაფხაზეთობაა?“ საქართველოს დედაქალაქში მუშაობენ აფხაზეთიდან დევნილი, ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურები. ჩვენ პოლიტიკური მისია გვაკისრია, სანამ აფხაზეთში იურისდიქცია არ აღდგება და იქ ლეგიტიმური არჩევნები არ ჩატარდება, პოლიტიკურმა ბირთვმა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით უნდა იმუშაოს! კიდევ ერთხელ განგიმარტავთ: საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 10 მარტის დადგენილებით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მიენიჭა დროებით ევაკუირებული ორგანოს სტატუსი, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი არჩევნების ჩატარებამდე აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქციების განხორციელების უფლება მიეცა. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის დადგენილებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ აღიარეს1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად არ მონაწილეობდნენ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.
”აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის №186–11ს დადგენილებით კი თბილისში განთავსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოებად დადასტურდა.
თბილისში განთავსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოსათვის ლეგიტიმაციის მინიჭება განპირობებული იყო აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმით, რაც სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევდა გაეხანგრძლივებინა დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაეშვა დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება ბათილად ითვლება.
რუდიკ ცატავა (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი)
- „ვინც იცის, არ დაიჯერებს, მაგრამ ვინც არ არის ჩახედული დეტალებში, ის ადვილად მოექცევა „რუსთავი 2“-ის ნეგატიური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ. მთელი სიუჟეტი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. სიუჟეტში ნეპოტიზმზე საუბრობენ და თანაც აქ არჩევნების ჩატარების მომხრენი არიან. არ ესმით, რომ როგორც კი აქ ჩავატარებთ მონოეთნიკურ არჩევნებს აფხაზების, ქართველების, ებრაელების, რუსების, სომხების, ბერძნების თუ უკრაინელების და სხვა ეროვნების ხალხის გარეშე, რომლებიც ასევე აფხაზეთის მკვიდრები არიან და უმეტესობა დევნილობაში ცხოვრობს, ჩვენ ყველა იქ უჩვენოდ ჩატარებულ არჩევნებს, (რომელსაც მსოფლიო არ ცნობს) და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ავტომატურად ვაღიარებთ?! იქნებ სწორედ ამ დავალებით არის გადმოსროლილი „დესანტი“ რუსეთიდან? ადრეც, დიდ ხმაურს ტეხდა ვინმე ჯონი კვარაცხელია, „ლაზარეს“ სახელით რომ მოგვევლინა. კი მაგრამ, ეს ის კვარაცხელია არ არის, მოსკოვში ხომერიკებთან და სხვებთან ერთად რუსეთის დიდების სადღეგრძელოებს რომ სვამდა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად „კარგად“ მუშაობდა? არ მიკვირს მათი გააქტიურება. ვიცით ბევრი რამ...რაც შეეხება ე.წ. ნეპოტიზმის ფაქტებს აფხაზეთის ხელისუფლებაში, სიუჟეტის „გმირები“ მალხაზ პატარაია - ყოფილი თანამშრომელი, ასევე ხათუნა გადელია - აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აქცენტს აკეთებენ ნეპოტიზმსა და დეპუტატთა დანამატებზე? როცა ბატონი მალხაზი მუშაობდა აფხაზეთის ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილედ, მასთან ერთად მუშაობდნენ მისი ცოლი და ძმა(მისი ძმა დღესაც მუშაობს). ხათუნა გადელიას 3-4 ნათესავიც - დები, დისშვილი, სიძე და დღემდე აფხაზეთის სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი.
განაწყენდა, რომ მათი ოჯახიდან მხოლოდ ის არ მუშაობს აფხაზეთის სტუქტურაში? თუკი გოგიჩაიშვილს სურდა, რომ თუნდაც იოტისოდენად მაინც წარმოჩენილიყო როგორც ობიექტური ჟურნალისტი, თავად გადელიასთვის უნდა ეკითხა, რატომ იღებდა ის აფხაზეთის მთავრობაში მუშაობის დროს ყოველკვარტალურ პრემიებს, მაშინ როცა, დღევანდელი მთავრობის, აპარატის წევრები და სხვები წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ პრემიას მე-13 ხელფასის სახით და იშვიათობაა წახალისების შემთხვევები, როცა ადამიანები მართლაც იმსახურებენ? ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ვერ მიხვდეს, რომ სიუჟეტი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში 3-ჯერ გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის მავანთა პოლიტიკური შეკვეთა, რათა მიზანმიმართულად გააშავონ ისინი, რომლებიც ახლა ცდილობენ გაასწორონ ნაციონალური ხელისუფლების დროს ჩადენილი უკანონობები“.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია, რომელსაც „მოვალეობის შემსრულებლის“ ოფიციალური სტატუსი აქვს, არალეგიტიმურია. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს, ამაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ კოპალიანი შემდეგ განმარტებას აკეთებს:
- არასწორია სიუჟეტის ერთერთი რესპოდენტის ექსპერტული ,,დასკვნა,, რომ მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და მოიხმო აფხაზეთის კონსტიტუციის 112 პრიმა მუხლი. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის წინასწარგანზრახული მცდელობაა. აი, კონსტიტუციის ეს მუხლი, სად წერია აქ ის, რაც ,,ექსპერტმა’’ განაცხადა?
წავიკითხე... აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112 -ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტში გარკვევით წერია: ,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზინდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო’’.ფიქრობთ,რომ ლეგიტიმური აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება სურთ?
- მე რას ვფიქრობ ის ერთია, მაგრამ არ შეიძლება კანონს ისე კითხულობდე, როგორც ვიღაცას აწყობს.
- აბა, რაშია პრობლემა?
- აფხაზეთის ხელისუფლება დღემდე 1973 წლის კონსტიტუციით ხელმძღვანელობს. ამ კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის დანიშვნა-გადაყენებაში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობდა, ვიდრე სააკაშვილმა არ შემოიღო ეს ნორმა 2004 წელს. თუმცა, 2013 წელს ამოქმედდა ახალი კონსტიტუციური ნორმა, საიდანაც პრეზინდენტის მონაწილეობა ამ საქმეში ამოღებულია. იქ აფხაზეთი საერთოდ ,,გამქრალია,, ამდენად აღმოვჩდით ჩიხში, სწორედ ამიტომ შემოვიღეთ კონსტიტუციური ნორმა ”მოვალეობის შემსრულებლის შესახებ’’.ასეთი ინსტიტუტის შემოღება უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და შესაბამისად ლეგიტიმურიც. 2 წელზე მეტია, ღიად არის დარჩენილი საკითხი ჩვენი ინიციატივის შესახებ. გვსურს საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვროს ისეთივე წესი, როგორიც არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისას. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ გამოსცემს სამართლებრივ აქტს. აი ესაა სიმართლე.
- ბატონო იგორ, სიუეტში დევნილებმა გამოთქვეს საყვედურები აფხაზეთის ხელისუფლების მისამართით. თქვენი აზრით საფუძვლიანია?
- მე გახლავართ აფხაზეთის მთავრობის წევრი და ვიცი თუ რა სამუშაოებსა და ღონისძიებებს ეწევა და ატარებს უწყება. ვიცი თუ რა ინტენსიურობით ხვდებიან მთავრობის წევრები დევნილებს ადგილებზეც. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე მთავრობის ხელმძღვანელისგან მოგვეცა დავალება მაქსიმალურად დავხარჯულიყავით დევნილთა ყოფითი თუ სხვა სახის პრობლემების წამოწევისა და მოგვარების საკითხებში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დავიწყეთ მათი სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. იმერეთში, კერძოდ, ქ. ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სპეციალური ცენტრი - „ბიზნეს-ინკუბატორი“; ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ უკვე მეორე წელია დაიწყო და მიმდინარეობს ერთწლიანი კულტურული მოსავლის მოყვანა, რომლის მონაგარს ამ პროექტის უშუალო მონაწილენი მოიხმარენ. უცხოელი პარტნიორების ხელშეწყობით შეიქმნა სამკერვალო, საამქრო, სასათბურე მეურნეობა, დამატებით მიმდინარეობს მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობა, სადაც საქმდებიან დევნილები. დიდი ყურადღება ეთმობა დევნილთა ჯანდაცვას, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. მიმდინარეობს აფხაზური კულტურის წარმოჩენა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ვფიქრობ, დღევანდელი მთავრობა უფრო მოქნილი და მოტივირებულია, და მისი საქმიანობა საბოლოოდ მიმართულია დევნილი მოსახლეობის მშობლიურ სახლებში უპირობო, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისკენ.
„უკონტროლო მილიონები, რომელიც დანიშნულებამდე ვერ აღწევს!“ - ამ ფრაზით დამთავრდა გოგიჩაიშვილის სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ აფხაზეთის სტრუქტურებს, მთავრობას აქვს ფინანსები, რათა ხალხს დაეხმაროს, აქვს გაქირავებული ფართები, იჯარით გაცემული ობიექტები, შპს-ეები და ა.შ. , მაგრამ გადასახადებს არ იხდის.
ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უპასუხებს აფხაზეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის მოადგილე მამუკა გოგია.
- სიუჟეტი ისე მომზადდა, რომ ჩვენს უწყებას არავინ დაკავშირებია. ეს იყო მხარე, რომელიც ცალმხივად გვიყენებდა ბრალდებებს...
- მაგალითად, საუბარი იყო 11 ავტომანქანაზე, რომელიც სამინისტრომ გასაყიდად გადასცა „ავტოტრასსერვისს“. 32 ათას ლარად გაიყიდა მანქანები, მაგრამ თანხა ბიუჯეტში არ ჩანს.. ეს სიმართლეა?
- ყოფილი ხელისუფლების დროს მართლაც არ ჩანდა ბიუჯეტში, ჩვენ მივიღეთ უკვე ამორტიზებული მანქანები, მეორადი. „ავტოტრანსსერვისმა“ აუქციონის წესით გაყიდა მანქანები, სულ 32 ათასი ლარის. ბევრია? სხვათაშორის ეს ამ ტელევიზიის დირექტორის (დევნილის ) დაახლოებით 10 დღის ხელფასია?! ჩვენივე ინიციატივით ამ თანხით გავხსენით ბლოკის საამქრო, ავტოსამრეცხაო, მოეწყო ბოქსები. ეს გაიხსნა ნავთლუღის ტერიტორიაზე, რომელიც მოვლა-პატრონობის მიზნით გვაქვს გადმოცემული. აქ იყო ცარიელი მინდორი, რომელიც მანქანების გაყიდვით მიღებული თანხით საწარმოდ ვაქციეთ. რა თქმა უნდა, დავასაქმეთ დევნილები... მიღებული მოგებიდან 50 ათასი ლარი სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მივმართეთ. შემოსული თანხის ნაწილი კი საწარმოს რეინვესტირებას ხმარდება. ამას გარდა სულ 17 „შპს“ არის ჩვენს ბალანსზე, ძირითადად სამედიცინო კლინიკები. აქედან 6 აბსოლუტურად კანონიერ ჩარჩოებში არის მოქცეული. დანარჩენების იურიდიული სტატუსი ჯერ ისევ მოსაგვარებელია. ჩვენ ვითხოვთ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით ობიექტების გადმოცემას. ჩვენგან ყველა სავალდებულო პროცესი ინიციირებულია, ახლა ველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას...სხვათაშორის, ისიც სათქმელია, რომ პოლიკლინიკები დაფუძნებულია 100%-იანი სახელმწიფო წილით და არავის მოუკითხავს 2014 წლამდე. მოიკითხა ახალმა მთავრობამ, ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ. ეს დანაშაულია? 2014 წლის შედეგებიდან გამომდინარე მათ პირველად ჩარიცხეს მოგების გადასახადი აფხაზეთის ბიუჯეტში.
რეინვესტირებული თანხებით აშენდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ზუგდიდის პოლიკლინიკა, შეძენილია ჯვარის ცენტრში ფართი. ამით გამოთავისუფლდება იჯარის გადასახადი და ესეც მოხმარდება დევნილებს.
- სიუჟეტში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ თქვენ გაქვთ მოგება, მაგრამ გადასახადებს არ იხდით...
- ყველა შპს გვაბარებს როგორც კვარტალურ, ისე წლიურ ანგარიშს. შარშან საშემოსავლოს სახით ცენტრალურ ბიუჯეტში გადავიხადეთ 350 ათასი ლარი. ასევე, აფხაზეთის ხაზინაში მივმართეთ გადასახადები. სხვა თუ არაფერი, 500-მე ადამიანი გვყავს დასაქმებული. ეს არის პროფესიონალი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ...
- საუბარია მილიონობით შემოსავალზე...
- ჩვენ განვკარგავთ მილიონობით ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას, მაგრამ ჩვენ ამ ქონებაზე შეზღუდული უფლება გვაქვს, ჩვენ ვართ მოსარგებლეები და არა მესაკუთრეები.
- და მაინც, სად მიდის უკონტროლო მილიონები?
- შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურაში იყოს უკონტროლო მილიონები? ჩვენ ხომ მაკონტროლებლები და შემმოწმებლები გვყავს? ჩვენი ბიუჯეტი სულ 9 მილიონი ლარია, რომელიც ძირითადად ხელფასების გასასტუმრებლად იხარჯება. მაგრამ საჯარო მოხელეების უკან ხომ ადამიანები დგანან და ამ თანხით ვინარჩუნებთ დევნილ ოჯახებს, კვალიფიციურ კადრებს, ჩვენ რა, არ უნდა დავბრუნდეთ? ერთი მინდა შეგახსენოთ, წინა ხელისუფლების დროს ერთი ხელის მოწერით „რუსთავი-2“-ს ჩამოაწერეს 32 მილიონი ლარი. სად წავიდა ეს მილიონები? ეს ხომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის 3 წლინახევრის ბიუჯეტის თანხაა?
„რუსთავი-2“-ის გადაცემებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებზეც იყო საუბარი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრზე, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტზე. იმის შესახებ, თუ რას შეეხებოდა ბრალდებები და რა არგუმენტები აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს, მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თეა მოსია
საქართველოს რესპუბლიკა
09.04.2016
დაარიგა თუ არა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვადაგადაცილებული წამლები? შეიძლება ხის დარგვაც საქილიკო თემა იყოს?
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უფლება-მოვალეობებსა და პოლიტიკურ მისიაზე ჩვენს ადრინდელ ნომერში ვისაუბრეთ. შეგპირდით, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ სხვა პროგრამებზეც მოგაწვდიდით მასალას. ამჯერად ჩვენი სტუმრები არიან „რუსთავი-2“-ის ეთერში მკაცრად გაკრიტიკებული მთავრობის წარმომადგენლები: ჯანდაცვის მინისტრი და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ქეთევან ბაკარაძე (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი):
-ბატონ აკაკი გოგიჩაიშვილს მთელი პათეტიკით ვესაუბრე თითქმის ერთი საათის განმავლობაში და დიდი იმედი მქონდა, მართებულად იქნებოდა მის მიერ ფაქტები აღქმული. სამწუხაროდ, მოხდა კი პირიქით... მე დოკუმენტურად, არგუმენტირებულად გავუბათილე ყველა ბრალდება, მაგრამ მან „რატომღაც“ არ გაითვალისწინა...
-კონკრეტული ბრალდება შეეხებოდა ვადაგადაცილებულ წამლებს, რომელიც თითქოს თქვენმა სამინისტრომ დევნილ მოსახლეობას დაურიგა...
-ჩვენი გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტია მედიკამენტების გაცემა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ჰუმანიტარული მედიკამენტები, თუმცა კი, ასეთი პრაქტიკა ჩვენს სამინისტროში წლების წინათ არსებობდა. ჩემი მოსვლის შემდეგ, დავიწყეთ ტენდერებით, ანუ ელექტრონული შესყიდვით მედიკამენტების შეძენა. სატენდერო წინადადებაში გვიწერია, რომ შესასყიდი მედიკამენტი უნდა იყოს ვარგისიანი არანაკლებ თორმეტი თვისა. თუნდაც თერთმეტ-ნახევარი თვეც რომ იყოს მითითებული, ტენდერში ავტომატურად ვერ მოხვდება. თანაც, აქცენტს ვაკეთებთ ევროპული ხარისხის ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რაზეც დევნილ მოსახლეობას ხელი ნაკლებად მიუწვდება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მედიკამენტებს... 2014 წლის ჩვენი ერთ-ერთი ღონისძიების მოსამზადებელ პერიოდში, ფარმაცევტულმა კომპანიამ 1 000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები მოგვაწოდა. მიღების დროს აღმოჩნდა, რომ მათ ერთი თვის ვადაში ეწურებოდა ვადა. არსებობს თათბირის ოქმის ჩანაწერები, სადაც ერთობლივად შევჯერდით, რომ ეს პრეპარატი ჩვენს ნუსხაში არავითარ შემთხვევაში არ მოხვდებოდა. გადაწყდა, რომ რა გზითაც მოხვდა სამინისტროში, იმავე გზით უკან დაბრუნებულიყო. არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ არნიშნული მედიკამენტები ზუსტად იმავე რაოდენობით დაბრუნდა უკან. ეტყობა, ჩვენს ოპონენტებს ხელთ ჩაუვარდათ ამ სქემის მხოლოდ პირველი ნაწილი, მაგრამ დაბრუნების შესახებ არ იციან...
-ანუ წამლები ბენეფიციარებისთვის არ დაურიგებიათ?
-რა თქმა უნდა, არა... ეს მედიკამენტები ბენეფიციარებთან არ მოხვედრილა. მე ამის შესახებ მოვახსენე აკაკი გოგიჩაიშვილს, რაზეც მიპასუხა, რომ ეს მას არ აინტერესებს. კი მაგრამ, თუ ჩემს რეპუტაციას ლახავ, ასაჯაროებ ფაქტებს, რომელიც ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება, რა თქმა უნდა, პასუხიც უნდა გაინტერესებდეს! შესაბამისად, ამ სიუჟეტიდან თვალნათელი გახდა მისი მიკერძოებულობა.
ჩვენმა ოპონენტებმა არაერთი ბრიფინგი მიუძღვნეს ამ ფაქტს, კლიპიც კი გაიგზავნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში და ითხოვდნენ ჩემს გათავისუფლებას, ვითომდა, ჩემი კრიმინალური ქმედებების გამო და ა. შ., მაგრამ ამას მხოლოდ ადეკვატური რეაგირება მოჰყვა სამინისტროს მხრიდან. მოითხოვეს დოკუმენტაცია, რომელიც სრულყოფილად მივაწოდეთ და თემაც დაიხურა. თუმცა, მე ამით არ დაავკმაყოფილდი და ვუჩივლე იმ ორგანიზაციებს, რომელთაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. ვუჩივლე ღირსების შელახვისთვის, დისკრედიტაციისთვის... საქმე განხილვის პროცესშია.
სახელმწიფო აუდიტმაც დადო შესაბამისი დასკვნა ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენი იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა იყოს არანაკლებ თორმეტი თვისა.
-თითქოს თქვენ შიდა აუდიტის თანამშრომელი გაათავისუფლეთ, რომელმაც ეს ფაქტი აღმოაჩინა?
-ეს თანამშრომელი მართლაც გათავისუფლებულია, მაგრამ არა ამის გამო. ის სულ სხვა მიზეზებით იქნა გაშვებული სამინისტროდან. თანაც, მე ჩემი დისკრეციული უფლება არ გამომიყენებია. მოწვეული იყო კომისიის 5 წევრი სხვადასხვა უწყებიდან და მისი საქმიანობა დეტალურად შეისწავლეს. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. ამ თანამშრომელმა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
-სიუჟეტში გავიდა თემა, რომ თქვენს ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გაქვთ სასტუმრო, რომელსაც აქირავებთ, ანუ, ფაქტობრივად, ეს არის კომერციული პროექტი... იღებთ თანხას, რომელიც არსად არ არის აღრიცხული. ესეც ტყუილია?
-რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. ეს არის ის ობიექტი, რომლითაც სარგებლობენ რეფერალური პროგრამების ბენეფიციარები და მათი თანმხლები პირები, ანუ განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოსული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. აღნიშნული ობიექტი შეკეთდა და აღიჭურვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. ხოლო, იმ მცირე ხარჯებს, რომელიც სჭირდება მის მოვლას, ფარავს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო...
როგორ შეიძლება ვინმემ ამას უწოდოს კომერციული პროექტი?! ამის შესახებ ყველა ნორმატიული აქტი არსებობს და თუ ადამიანს, მით უფრო ჟურნალისტს, სურს, გააკეთოს ობიექტური მასალა, ეს არ გაუჭირდება...
სად მიდის მილიონებიო? - მაინც ჯიუტად მიმეორებდა აკაკი გოგიჩაიშვილი. მე მას ავუხსენი, რომ შპს-ები არიან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი, 100 პროცენტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებები. მათ, წლის შედეგიდან გამომდინარე, აფხაზეთის ბიუჯეტში გადასახადის ნაწილი უბრუნდებათ უკან რეინვესტიციის სახით. შესაბამისად, მაგალითად, ამ თანხით ზუგდიდის პოლიკლინიკამ ორ წელიწადში ორსართულიანი შენობა ააშენა, აღჭურვა ინვენტარით, ასევე ჯვარის პოლიკლინიკამ რეინვესტირებით 120 კვ.მ. შეიძინა და ამ ეტაპზე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რა ინტერესები აქვს დევნილს, იქ რომ მიდისო? - მკითხა გოგიჩაიშვილმა. დაბალი ტარიფები, დევნილი კოლექტივი, მკურნალობის შედეგები, პროფესიონალიზმი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი... მაგალითად, აფხაზეთიდან ჩამოსული აფხაზები, ჩვენთან მიმართავენ მათთვის უკვე ნაცნობ ექიმებს, რომელსაც იქ იცნობდნენ, ენდობოდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენი წელია გასული კონფლიქტიდან, მაგრამ მათ ექიმების სახელი და გვარი არ ავიწყდებათ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბევრი საინტერესო მასალის აღება შეეძლო ჩვენგან „რუსთავი-2“-ს და გაშუქება... სამწუხაროდ, მათ არჩიეს ტენდენციურობა.
ვალერი ბასარია (ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე):
-აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის 62 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და ამდენად მეტ-ნაკლებად შეხება აქვთ აგრარულ სექტორთან. თუმცა, მათი დასაქმება ურთულეს პრობლემებს უკავშირდება. ვინაიდან სოფლად მცხოვრები დევნილები მიწის მესაკუთრეები არ არიან, ისინი, ფაქტობრივად, იმ სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. დევნილებისთვის მიწის დაკანონება არ ხდება. რაც ჩვენ მოვედით აფხაზეთის მთავრობაში, ორ წელზე მეტია, ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რით შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს... როგორც იცით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიწების რეგისტრაცია-დაკანონებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ფართობები, რომელსაც მიზეზთა გამო კერძო მეპატრონე არ ჰყავს. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, ასე ვთქვათ, გამოვნახეთ ჩვენი ნიში, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არალიკვიდური ქონება გამოვიყენოთ საინიციატივო ბიზნესჯგუფების მხარდასაჭერად. ამაზე ცენტრალური ხელისუფლებაც დაგვთანხმდა და დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ...
-კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი ინიციატივა?
-მოვიძიეთ დევნილთა კომპაქტური დასახლებების გარშემო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც არ არის კადასტრირებული, შევედით წინადადებით ქონების მართვის სააგენტოში, რომ ეს ნაკვეთები აფხაზეთის მთავრობას გადმოეცეს სარგებლობის უფლებით. ჩანაწერში აღნიშნულია „არსებობის ვადით“, ანუ სანამ აფხაზეთის სტრუქტურები არსებობენ, გვაქვს განკარგვისა და სარგებლობის უფლება. უკვე აღებული გვაქვს რამდენიმე ნაკვეთი და ვეძებთ საინიციატივო ჯგუფებს, რომელთაც გააჩნიათ აგრარულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და მოტივაცია...
-აფხაზეთიდან დევნილებისთვის ეს სფერო ცნობილია: მიწის დამუშავება, თუთუნის მოყვანა და ა. შ.
-დიახ, დიახ...
პირველად 2014 წელს გადმოგვცა ეკონომიკის სამინისტრომ 360 ჰა მიწის ნაკვეთი ტერიტორიაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონს მიეკუთვნება, რუხი-რიყის ტერიტორია. დევნილებმა უკვე დაიწყეს 17 ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება, ერთწლიანი კულტურების მოყვანა... რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ დევნილთათვის სასარგებლო სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.
-კიდევ რა ინიციატივები გაქვთ?
- ქუთაისში ჰექტარზე მეტ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც ელექტროძრავის ქარხანა ფუნქციონირებდა და რომელიც წლების განმავლობაში იძარცვებოდა დღისით, მზისით, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გავაკეთეთ ბიზნესინკუბატორი. იქ გახსნილია რამდენიმე საწარმო, სადაც სტაჟირებას გადიან ახალგაზრდები... საინკუბაციო პერიოდი ბიზნესის სფეროში უკვე 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, ზოგიც იქვე დასაქმდა.
ასევე, გასულ წელს ამერიკის მთავრობასთან (USAID) ერთად დავიწყეთ პროექტი და ქვეყნის 12 რაიონში მოვაწყვეთ მცირე სასათბურე მეურნეობა. რუსთავის მე-12 გზატკეცილზე იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასათბურე მეურნეობა. ეს კონსტრუქციები დავშალეთ და გადავეცით დევნილებს ასევე მინი მეურნეობების მოსაწყობად. ამ პროგრამით სარგებლობს 21 ბენეფიციარი 49 წლიანი იჯარით - დევნილები როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალიდან. 68 მეურნეობა მოეწყო, სადაც 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
-რა კულტურები მოჰყავთ?
-მწვანილი, ბოსტნეული, ყვავილები... ამ ყველაფრის მონიტორინგს რეგულარულად ვატარებთ და დოკუმენტურ ფილმსაც ვამზადებთ ამის შესახებ. ყველაფერს შრომა უნდა, მით უფრო, როცა ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს დევნილ მოსახლეობას, დამეთანხმებით, შრომა არ ესწავლება...
როგორც ვიცით, მეფუტკრეობაშიც განსაკუთრებული მიღწევები გაქვთ...
-შევქმენით კოოპერატივი „კოდორი 2015“ და სწორედ ამ სახელით ვაწარმოებთ თაფლს, რომელსაც არათუ საქართველოში, ევროპაშიც ძნელად თუ მოეპოვება ბადალი, მართლაც, ძალიან მაღალი ხარისხისაა, თუმცა, ძვირიანი... გვყავს მეფუტკრეთა ჯგუფი, რომელსაც დამსახურებული მეფუტკრე დემურ დარსანია ხელმძღვანელობს. გარდაბანში გვყავს სკა - 270 ოჯახი. უკვე მესამე წელიწადია, ჩვენი თაფლი ტესტირებას რიგის ძვირადღირებულ ლაბორატორიაში გადის და ევროსტანდარტებს შეესაბამება. თითქმის ყველა სოლიდურ კონკურსში ვმონაწილეობთ და მოთხოვნაც ძალიან დიდია...
-სწორედ ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, თორემ, როგორ შეიძლება ხის დარგვა და გამწვანება საქილიკო თემა იყოს?! ახლა, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს:
მოგეხსენებათ, რომ გლდანის ნაგავსაყრელი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ეკოლოგიურ საფრთხეს თბილისისთვის. აქ ერთად არის თავმოყრილი ბიოლოგიური და ქიმიური ნარჩენები, სამშენებლო მასალები თუ სხვა; იქ მიმდინარეობს ისეთი ქიმიური პროცესები, რომელთა დაძლევას წლები დასჭირდება. ჩვენმა ეკოლოგებმა იმუშავეს ამ ტერიტორიაზე და ერთადერთ საშუალებად მიიჩნიეს რეკულტივაცია, ანუ მომზადდა, დამუშავდა ზედა ფენა, სადაც მრავალწლიანი ნარგავები გავაშენეთ. გამწვანების პროექტს თბილისის მერიის სამსახურთან ერთად ვახორციელებთ. ვრგავთ ხეებს, მაგრამ უმძიმესი ქიმიური პროცესების გამო უჭირს გახარება ან საერთოდაც კი აუცილებელია, მცენარის ფესვმა მოიკიდოს ფეხი... ამიტომ ვარჩევთ სხვადასხვა კულტურებს და გამწვანების აქციებს ეტაპ-ეტაპ ვახორციელებთ...
ჩვენ გვყავს უძლიერესი რეინჯერები, რომლებიც მთელი თბილისის გამწვანებაში აქტიურად მონაწილეობენ, ურთულეს მუშაობას ეწევიან...
-დაბოლოს, კოლხურ ბზაზეც მინდა, ისაუბროთ...
-ნახევარ წელიწადზე მეტია ეს პროგრამა დაიწყო. უკვე პოლიტიკურ დონეზე შედგა შეთანხმება და ვალდებულება ავიღეთ, შევწამლოთ და ვმართოთ აფხაზეთის ტერიტორიის 43 ჰა ტყის მასივი. სამეგრელოში 5000 კვ.მ. სასათბურო მეურნეობა გვაქვს, სადაც გვაქვს კოლხური ბზის რეზერვატი და სულ მალე შევძლებთ აფხაზეთის მომარაგებას.
მინდა დავძინო, რომ სახელმწიფომ დაიწყო ჩაისა და ციტრუსის მიმართულებით აქტიურობა. ამასწინათ ჯერ ჩინეთში იყვნენ ჩასულები ჩვენი სპეციალისტები, შემდეგ ჩინეთიდან გვესტუმრნენ სპეციალისტები და ტერიტორიები დაათვალიერეს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი დევნილები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ...
ესაუბრა თეა მოსია
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“
20.04.2016 წელი