გივი ლომინაძე: “ახლანდელი დევნილთა წარმომადგენლობა არასოდეს გახდება აფხაზეთში არჩეული დეპუტატის ტოლფასი”

 

 


 

საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, შევცვალოთ ნორმები


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გივი  ლომინაძე, რომელიც აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ცვლილებებს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციიდან გამომდინარე ახორციელებენ. დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაცია `რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის~ წარმომადგენლის ხათუნა გადელიას `ახალ თაობასთან~ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

_ თქვენმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის კონსტიტუციაში საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვილებები შეგაქვთ...

 

_ ჩვენი ოპონენტი შეიძლება კარგი ფინანსისტია, მაგრამ, ეტყობა, იურისპრუდენცია ნაკლებად ესმის, კონსტიტუციას ვერ იგებს. საიტზე გამოქვეყნებილ კანონპროექტსა და მასზე დართულ განმარტებით ბარათში ყველა კითხვაზე ამომწურავადაა გაცემული პასუხი.

 

_ კონკრეტულად, რა ცვლილებები შეგაქვთ აფხაზეთის კონსტიტუციაში და რით არის განპირობებული ცვლილებების შეტანა?

 

_ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე გვევალება.

 

_ რა იყო და როგორ ცვლით?

 

_ აფხაზეთის კონსტიტუციაში 70 ცვლილება შეგვაქვს. ცვლილებები განპირობებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის `611-ს~ დადგენილებით და საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციის მოთხოვნებით.

 

_ შინაარსობრივად რა იცვლება?

 

_ წარმოდგენილი ცვლილებებით, უფრო მაღალ დონეზე ქმედითი ხდება უმაღლესი საბჭოს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. გარკვეული უფლებამოსილებები საქართველოს პრეზიდენტზე იყო გადანაწილებული. ახლა ამ უფლებამოსილებას ვიბრუნებთ. ვიბრუნებთ 1995 წლამდე არსებულ ნორმას. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ჩანაწერი ამდაგვარია: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. ახლანდელი ცვლილებებით, ჩანაწერი `პრეზიდენტთან შეთანხმებით~, ამოღებულია და წერია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ შერჩეული კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაში გადადის.

 

_ რატომ არ გადავიდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ხელში? რა უშლიდა ხელს?

 

_ აღნიშნული ნორმა ამოღებული იქნა 2013 წლის საქართველოს კონსტიტუციიდან. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. როდესაც საქართველოს პარლამენტმა ჩამოწერა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ჩანაწერი _ თანხმობის მიცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე _ კონსტიტუციიდან ამოიღო. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავავალოთ ზემდგომ ორგანოს, აკეთოს ის, რაც არ წერია კონსტიტუციაში.

ამ ცვლილებებით, უფრო მეტი კონტროლი გამოდის მთავრობაზე უმაღლესი საბჭოს მხრიდან. უმაღლეს საბჭოს ეძლევა უფლება გამოუცხადოს უნდობლობა მთავრობას მთლიანობაში და ცალკეულ მინისტრებს, დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რაც არ იყო ყოფილ კონსტიტუციაში. ეს არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმა.

აუცილებლობა შეიქმნა უშუალოდ კონსტიტუციაში შეტანილიყო ცვლილებები და მოყვანილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, მისი მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობის შერეული წყობა აქვს _ ნაწილობრივ _ საპრეზიდენტო, ნაწილობრივ _ საპარლამენტო მმართველობა. ამიტომ აუცილებელი გახდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გადასულიყო შესაბამის რეჟიმში და უმაღლესი საბჭოს მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად აწყობილიყო.

 

_ ცენტრალურ ხელისუფლებას რა უფლებამოსილებები დარჩა აფხაზეთის კონსტიტუციით?

 

_ ცენტრალურ ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს აფხაზეთთან მიმართებაში. ეს უფლებები, საქართველოს კონტიტუციიაში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, განისაზღვრება აფხაზებთან ერთად მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. მანამდე, სანამ ეს შესაძლებლობა არ იქნება, 1995 წლის კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ ამ უმაღლესმა საბჭომ იმოქმედოს და იმუშაოს 1978 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, მაგრამ ის მოიყვანოს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

_ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას არავითარი უფლებამოსილება არ აქვს აფხაზეთზე, მაშინ აფხაზეთი, საერთოდ, გასული ხომ არ არის, საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან?


_ როგორ არის გასული?

 

_ ამბობთ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი უფლებამოსილება არ აქვსო.

 

_ როგორ არ აქვს? ჩვენ კონსტიტუციის ახალ ვარიანტში, რა ცვლილებებიც გვაქვს, მხოლოდ ნაწილია მთლიანი კონსტიტუციისა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, კონსტიტუციის პირველ, მეორე, მესამე მუხლში რაც წერია. იქ წერია, რომ აფხაზეთი არის განუყოფელი ნაწილი საქართველოსი, რომ აფხაზეთში მოქმედებს საქართველოს კანონები. თუ კანონების კოლიზიაა ავტონომიური რესპუბლიკის კანონებსა და ცენტრალურს შორის, მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების უფლება და მისი კანონები. ჩვენ ახლა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვსაუბრობთ იმ ნაწილზე, რომელსაც ცვლილებები შეეხო. ცვლილებები უფრო ადრე უნდა შეტანილიყო, 2013 წლის შემდეგ სამი წელი გავიდა.

 

_ სამი წელია აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტია შემოღებული და ყოლბაია მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. თქვენი ოპონენტები ამის გამოც არიან უკმაყოფილო. ეს საკითხი კონსტიტუციაში როგორ არის გადაწყვეტილი?

 

_ იმ ოპონენტებს ჰკითხეთ, დაასახელონ კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ გვაქვს უფლება, სამი წელი გვყავდეს მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი. თუ ასეთ ნორმას დაგისახელებენ, მე საქვეყნოდ მოვიხსნი დეპუტატის უფლებამოსილებას. ამას გააკეთებს მთელი უმაღლესი საბჭო. ასეთი ნორმა არ არსებობს.

 

_ შეიძლება კანონში კონკრეტული ნორმა არ არის, მაგრამ არალოგიკურად, შეუსაბამოდ მიაჩნიათ სამი წელი მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა. რატომ უნდა იყოს ადამიანი სამი წელი მოვალეობის შემსრულებელი? მით უფრო, რომ ის უფლებები, რაც აქვს თავმჯდომარეს, ჰქონდეს მოვალეობის შემსრულებელს. ამდენ ხანს თავმჯდომარე რატომ არ უნდა ინიშნებოდეს?

 

_ გასაგებია. ამას უნდა კონკრეტული ნორმა. ამის გარეშე მორალზე და მსგავს თემებზე საუბარს თავი დაანებონ. ის კონსტიტუცია და მისი ნორმები შეუსაბამო რომ იყო, ამიტომ შეგვაქვს ცვლილებები. საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, შევცვალოთ ნორმებიამის გარეშე მთავრობის პირველი პირის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის არავითარი სამართლებრივი საფუძველი და მექანიზმი ჩვენ არ გაგვაჩნია.

 

_ თუ ასეთი აუცილებლობა იყო, აქამდე ცვლილებები რატომ არ განახორციელეთ?

 

_ ცვლილებების პროექტზე ვმუშაობდით. რამდენჯერმე საკითხი წამოვწიეთ, მაგრამ ჩვენი კოლეგების ნაწილისაგან ისეთი შემოთავაზებები მოდის, რომელსაც კანონთან არავითარი საერთო არ აქვს. ხელოვნურად ხდება კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების დაბლოკვა.

 

_ ცვლილებების მიღებას ვინ ბლოკავს?


_ კონკრეტულად, გვარებს ვერ დაგისახელებთ, უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი ისეთ ნორმების ჩაწერას ითხოვს, რომელიც არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ არის. მოითხოვენ კანონები მიღებული იქნას 2/3-ით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არჩეული იქნას მთლიანი შემადგენლობის 2/3-ით. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარეს უბრალო უმრავლესობით ირჩევს. დადგენილებებს იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 1/3-ისა. აჭარაშიც უბრალო უმრავლესობით ირჩევენ. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაშიც ასეა. აქ 2/3-ით თავმჯდომარის არჩევა შეუძლებელია. საკმარისია ორმა დეპუტატმა პირი შეკრას, ნებისმიერ დროს შეძლებს საკითხის დაბლოკვას. მიდის პროექტზე შეჯერების პროხცესი.

 

_ თქვენი ოპონენტები მუდამ საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების უფლება წართმეული აქვთ.

 

_ ვინც ამას ლაპარაკობს, ეტყობა, საერთოდ, აზროვნება დაკარგული აქვს. ხედავენ მხოლოდ სკამს, ან თანამდებობას, ან პირად ინტერესებს. რომელი არჩევნების უფლებაზეა საუბარი, როცა სიცოცოხლის უფლება და მიწა-წყალი გვაქვს წართმეული. ამიტომ არის გაუკუღმართებული და გაუბედურებული ჩვენი ყოფა. ამ კონსტიტუციაზე ჩაბღაუჭება და 1978 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობა არის ერთი ძალიან სუსტი ძაფი, რომლითაც საქართველო დე იურედ დაკავშირებულია აფხაზეთთან. როგორც კი ეს ორგანო შეწყვეტს არსებობას, დარჩება სოხუმში არსებული სეპარატისტული წარმონაქნი და ვნახავთ, როგორ განახორციელებენ მათ უფლებებს. Aმიტომ არჩევნებზე ლაპარაკი მარაზმია.

 

_ ხომ შეიძლება დეპუტატების რაოდენობა თანდათან შენცირდეს მიზეზთა გამო და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დადგეს მომენტი, როცა უმაღლეს საბჭოში დეპუტატები ფიზიკურად აღარ იყვნენ. მაშინ რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება უმაღლესი საბჭო? ხომ არ სჯობს, უმაღლეს საბჭოს არ შევეხოთ, მაგრამ მასთან არჩეული რაღაც ორგანოც გავაჩინოთ?

 

_ თუ უმაღლეს საბჭოს არ შევეხებით და ავირჩევთ რაღაც წარმომადგენლობით ორგანოს, შეიძლება. მე ამისთვის მზად ვარ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე ხელისუფლების პატრონაჟით. თუმცა ამ ორგანოს ორგანოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ.

 

_ თუკი შესაძლებელია უმაღლეს საბჭოში კოოპტაციის წესით დეპუტატების შეყვანა, ან ისეთი პირების დეპუტატებად ცნობა, რომლებსაც უფლებამოსილება ჯერ კიდევ აფხაზეთში ყოფნის დროს ჰქონდათ შეჩერებული, ან კიდევ, საერთოდ არ არჩეულან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, რატომ არ შეიძლება დევნილთა არჩეული წარმომადგენლობა იყოს უმაღლესი საბჭოს რაღაც სტრუქტურაში?

 

_ ახლანდელი დევნილები და დევნილთა წარმომადგენლობა არასოდეს გახდება აფხაზეთში არჩეული დეპუტატის ტოლფასი. კოოპტირებული დეპუტატები კი არჩეული არიან აფხაზების, ქართველების, სომხებისა და რუსების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტში. ეს არის ამომავალი წერტილი და განმსაზღვრელი. თუმცა, ეს არ არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა. ჩვენ ჩვენთვის ვადა არ გაგვიგრძელებია, საქარტველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება. მათ ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართონ, მაგრამ არც ერთი ჭკუათმყოფელი ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება თვითმკვლელობის ტოლფასია.

 

გულიკო ბალაძე

გაზეთი ”ახალი თაობა”

30 აპრილი-1 მაისი 2016წ.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions