ალექსანდრე მიქაძის გახსენება

 

აფხაზეთის ა/რ საზოგადოებას 93 წლის ასაკში გამოაკლდა ავტონომიური რესპუბლიკის თვალსაჩინო, უაღრესად დამსახურებული ხელმძღვანელი და სამეურნეო მუშაკი, ღირსეული მამულიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე მიქაძე.

 

ალექსანდრე მიქაძე დაიბადა 1923 წლის 22 მარტს ქ.სენაკში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1947 წლიდან 1949 წლამდე, მუშაობდა საქართველოს მთავარი ელექტროქსელის ქ.თბილისის ტრესტში, ჯერ ინჟინერ-პროექტანტად, შემდეგ კი უფროს ინჟინერად.

 

1949 წლიდან 1960 წლამდე მუშაობა გააგრძელა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის მასწავლებლად, სადაც მოკლე დროში გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზატორული ნიჭისთვის დაწინაურებული იქნა დირექტორის თანამდებობაზე.

 

1960 წელს ალექსანდრე მიქაძე დაინიშნა ქარხანა ”სოხუმხელსაწყოს” პირველ დირექტორად, რომელიც მისი განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის,  ხელმძღვანელის გამორჩეული თვისებების შედეგად გარდაიქმნა საწარმოო გაერთიანება ”ორგტექნიკად” და აფხაზეთის ეკონომიკის ფლაგმანის საპატიო ადგილი დაისაკუთრა, რომლის გენერალური დირექტორიც იყო პენსიაზე გასვლამდე. პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის კ. გამსახურდიას სახელობის ქართულ დრამატულ თეატრში აღმასრულებელ დირექტორად.

 

ბატონი ალექსანდრე მიქაძე  თავისი ხანგძლივი ცხოვრების ყველა ეტაპზე, მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური და პოლიტიკური პერიპეტიებისა, ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით, პროფესიონალიზმით. მუდმივად იმყოფებოდა მოვლენების წინა ხაზზე. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება, პატრიოტიზმი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული  საფუძვლად ედო მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ის იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, აფხაზეთში საზოგადოებრივი მოძრაობის ”ქომაგის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

 

ალექსანდრე მიქაძე დევნილობის პეროდში აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის პრობლემების დარეგულირების პროცესში. საზოგადოებრივმა გაერთიანება ”შერიგებამ”, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, სახალხო დიპლომატიის ჩარჩოებში არაერთი მნიშვნელოვანი და უაღრესად საჭირო ღონისძიება ჩაატარა აფხაზურ მხარესთან.

 

ალექსანდრე მიქაძის ორგანიზატორული თვისებები, მაღალი პროფესიონალიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოქალაქეობრივი პოზიცია  შეფასებულია  მაღალი სახელმწიფო ჯილდოებით. ის გახლდათ საქართველოს დამსახურებული ინჟინერი და სსრკ დამსახურებული რაციონალიზატორი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იყო აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ჭირისუფალი.

 

წავიდა კიდევ ერთი უაღრესად პატივცემული და ღვაწლმოსილი, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით გულდაფერფლილი მამულიშვილი.

 

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

 

 

 



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions