მიმართვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას


ქალაქ თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესიის ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ ინფორმირებული ბრძანდებით საქართველოსთვის მეტად  მტკივნეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა. როგორც აფხაზეთიდან დევნილ უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოს, გვსურს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25- ე სესიის მონაწილეთა ყურადღება მივაპყროთ ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკაში დატრიალებულ არნახულ ტრაგედიაზე, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ერთ მუჭა სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის ფედერაციის მიერ 1992- 1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომის უმთავრესი შედეგი გახლავთ როგორც საქართველოს ტერიტორული მთლიანობის რღვევა, ისე არნახული ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდა მშვიდობიანი, ძირითადად ქართველთა (მათ შორის ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა და უნარშეზღუდულთა) წამება და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტვა. 1992 წლიდან დღემდე მოკლულია 5000-ზე მეტი ქართველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 400-ზე მეტი ადამიანი. საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ მარტო გალის რაიონში მოკლეს 1250-ზე მეტი ეთნიკური ქართველი. მკვიდრი მოსახლეობის (ქართველების) თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობის მიზნით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განზრახ გაანადგურეს ათასობით საცხოვრებელი სახლი, საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნეს მოსახლეობის 72%.

აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის დამადასტურებელი დიდძალი ფაქტობრივი მასალაა შეკრებილი როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო  დამკვირვებლების მიერ.  ამ ფაქტებზე დაყრდნობით ეუთოს ბუდაპეშტის სამიტმა (1994 წლის 5-6 დეკემბერი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაული შეაფასა როგორც ეთნოწმენდა. აღნიშნული შეფასება აისახა ასევე ეუთოს ლისაბონისა (1996 წლის 2-3 დეკემბერი) და სტამბულის (1999 წ. 18-19 ნოემბერი)  სამიტების გადაწყვეტილებებში. საქართველოს სპეციალური სახელმწიფო კომისიის, მთავარი პროკურატურის დასაბუთებული დასკვნებისა და სხვა კვლევების მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად  დადასტურდა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში განხორციელდა გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის („გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“) II მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აფხაზეთის ტრაგედია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და  კვლავაც გრძელდება. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ  მოსაზრება, თითქოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები „გაყინული“ კონფლიქტების რიგს მიეკუთვნებიან, სინამდვილეს არ შეეფერება. „გაყინულს“ ვერ ვუწოდებთ კონფლიქტებს ისეთ ტერიტორიებზე, რომელთა კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი განდევნილია საკუთარი სახლებიდან, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ და მძლავრ სამხედრო ბაზად არის გადაქცეული. იგი ერთადერთია ევროპის მთელს კონტინენტზე, სადაც ამ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში მნიშვნელოვან პრობლემებს იხილავს, ადამიანთა მოდგმისთვის სრულიად შეუფერებელი  ველური მეთოდებით ტოტალურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები.

კონფლიქტები საქართველოში „გაყინულია“ მხოლოდ ქაღალდზე.  რუსეთი აგრძელებს ქართული ტერიტორიების „მცოცავ“ ოკუპაციას. არ არის „გაყინული“ ადამიანთა ტანჯვა-წამება, მათი დისკრიმინაცია და ღირსების შემლახველი  ქმედებები. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანთა გატაცებები, ყაჩაღობა, ძარცვა და მკვლელობები. ყოველდღიურად ირღვევა ასობით ადამიანის უფლება გადაადგილებაზე, საკუთრებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე.  აფხაზეთში ქართველებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ეკონომიური აქტიურობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კონცენტრირებულ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ამა წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიას თავხედური მკვლელობა რუსეთის მიერ „დაცულ“ ხელოვნურ საზღვართან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ხურჩაში უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ ეუთოს ასამბლეის  ყურადღების მიღმა არ დარჩება:

აფხაზეთში 1992 წლიდან დღემდე მიმდინარე ქართული ეროვნების მკვიდრი მოსახლეობის  ეთნოწმენდის, გენოციდის ფაქტები;

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა;

რუსეთის მხრიდან სისტემატური „მცოცავი“ ოკუპაციის განხორციელება,   „დამოუკიდებელი“ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსიის  მცდელობა;

აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზებიდან გამომდინარე საფრთხეები, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, ისე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის;

ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხი;



ღრმად პატივცემულო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მუშაობაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებო
! დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოგიწოდებთ სათანადო შეფასება მისცეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებას.

 

 

ერთხმად მიღებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
სესიის მიერ.   2016 წლის 24 ივნისი

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions