აფხაზეთის ხელისუფლებამ გამორჩეული ბიოგრაფიის წარჩინებული, დევნილი სტუდენტები ახალგაზრდულ ღონისძიებაზე მიიწვია. უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ საზეიმო შეხვედრას, რომელსაც სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად „მაგთი-ჯაზ-კლუბში“ უწევს ორგანიზებას, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 70 მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე სტუდენტი დაესწრო.
ყველა მათგანი ”მადლობის სიგელით” დააჯილდოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.
წარჩინებული და გამორჩეული ბიოგრაფიის ახალგაზრდებს ფულადი და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს ღონისძიების სპონსორებმა - “ლიბერთი ბანკის”, “თი-ბი-სი“ ბანკის, “ტერაბანკის,“ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”-ისა და ფარმაცევტული კომპანია ”ავერსის” წარმომადგენლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, სპონსორი ორგანიზაციების პირველი პირები: “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორი ალექსი ხოროშვილი, “თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში მაჰირ მამედოვი, “ტერაბანკის“ გენერალურ დირექტორი თეა ლორთქიფანიძე და ფარმაცევტული კომპანია“ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელი გადაეცათ სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ”ვარსკვლავების” ხელმძღვანელებს თეა და თეონა წიკლაურებს, რომელთა აღსაზრდელებმაც თავიანთი ხელოვნებით ახალგაზრდული საღამო გაახალისეს.
საღამომ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. გაიხსენეს ამ დღესასწაულის დაწესების ისტორია: 1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი. 17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს. ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. მსგავსი მაგალითები მსოფლიო ისტორიაში ბევრია.
იდენტური მიზეზით არა, მაგრამ როგორც სამშობლოს დამცველები სამწუხაროდ, აფხაზეთის ომს 60-მდე სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა.
სტუმართა შორის იყვნენ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები.
საღამოს მასპინძლებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მშვიდობა, ერთობა წარმატებები და აფხაზეთში დაბრუნება, შემდგომ კი - აფხაზ თანატოლებთან ერთად ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა უსურვეს.
საღამოზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე სტუდენტთა პუბლიცისტური კრებული ”დებიუტი”, რომლის გამოცემა განხორციელდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელშეწყობით.
სტუდენთთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საღამოს ”მაგთი ჯაზ-კლუბში” ამჯერადაც აფხაზეთის მოზარდი ახალგაზრდების შემოქმედებითი ცენტრის ბენდმა უმასპინძლა.