დადგენილება აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის


დადგენილება


აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, ათწლეულების განმავლობაში მოქმედმა სეპარატისტებმა გარეშე ძალთა მხარდაჭერითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან მოაწყვეს ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდ ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი. ბარბაროსულად დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მსინისტთა საბჭოს თავმჯდომარე,საქართველოს პარლამენტის წევრი ჟიული შარტავა და სხვა ხელმძღვანელი პირები. მშობლიური ადილიდან გაძევებულია აფხაზეთის მოსახლეობის 80 პროცენტი, დამწვარი, გაძარცვული და განადგურებულია 20 000 - ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დანგრეულია სკოლები, კულტურის ცენტრები, ეკლესიები, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიული ძეგლები.

 

სეპარატისტების მიერ ორგანიზებული ტერორისა და აპარტეიდული რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ ასევე აფხაზეთის ბერძნები, ებრაელები, რუსები, უკრაინელები, სომხები და თვით აფხაზებიც, რომელთა ერთი ნაწილი ომს შეეწირა, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა მიეტოვებინა სახლ-კარი და თავი შეეფარებინა საქართველოს სხვა ქალაქებისა და რაიონებისათვის, საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის. აფხაზეთი გადაიქცა ტერორისტების, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და სხვა ორგანიზებულ დამნაშავეთა საერთაშორისო განუკითხავ, უკონტროლო ტერიტორიად, რომელიც ახალ უბედურებათა გავრცელებით ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ მიმდებარე რეგიონებსაც.

 

სეპარატისტულმა ძალებმა არაადამიანური, უსასტიკესი მეთოდების გზით აფხაზეთის ტერიტორია დროებით ჩამოაშორონ საქართველოს. ადგილი ჰქონდა დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობით შეცვლას, რაც დღემდე გრძელდება. ამ ტრაგედიაში პასუხისმგებლობის წილი ეკისრება საქართველოს ზოგიერთ თანამდებობის პირსაც. რკინიგზისა და საავტომობილო გზების სათანადო დაცვის შეუსრულებლობას და სხვა დანაშაულებრივმა ქმედებებმა საბაბი მისცეს სეპარატისტებს დიდი ხნის წინათ დაგეგმილი საომარი მოქმედებების გასაჩაღებლად. საქართველოს პარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტში, დატრიალებულ ტრაგედიაში, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების დესტაბილიზაციაში გარკვეული უარყოფითი როლი შეასრულა ზოგიერთმა ქართველმაც და სხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლებმაც, რომელთა წინდაუხედავმა და დანაშაულებრივმა ქმედებებმა ხელყო ჩვენი არა ერთი თანამემულის ღირსება და სიცოცხლე, დაეხმარა და დღესაც ეხმარება სეპარატისტებს ანტისახელმწიფოებრივი მოღალატური ზრახვების განხორციელებაში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა გრძელდება მოქმედებათა შეწყვეტის შემდგომაც, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც 1993 წლის სექტემბრის შემდეგ დაიღუპა 1000 - ზე მეტი ადამიანი. ფართო მასშტაბი აქვს მიღებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას. მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, რომლებიც მიმდინარეობდა აფხაზეთში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით და რუსეთის შუამავლობით, სეპარატისთა შეურიგებელი პოზიციის გამო ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა ასეულ ათასობით ლტოლვილის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისა და საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის საკითხებში. სეპარატისტული რეჟიმი ყველა საშუალებებით განამტკიცებს თავის სამხედრო პოტენციალს, ქმნის დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ სტრუქტურებსა და ატრიბუტებს, ამახინჯებს ისტორიას, ამკვიდრებს კაცთმოძულე რასისტულ იდეოლოგიას, აღსანიშნავია ისიც, რომ დსთ - ს სახელმწიფთა ხელმძღვანელობის ალმა-ათის, მინსკისა და მოსკოვის გადაწყვეტილებები არ სრულდება, მიღწეულ შეთანხმებებს გარეშე ძალების ხელშეწყობით შეგნებულად და ცალმხრივად არღვევენ სეპარატისტები.

 

სამშვიდობო ძალები, რომლებიც გამოყო რუსეთის ფედერაციამ დსთ-სა და გაერთიანებული ერების ორგანიზასთან შეთანხმებით, დღემდე ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, მათ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის უსაფრთხოება, წინ ვერ აღუდგნენ ქართველთა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს, ვერ უზრუნველყვეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება; ზოგიერთი ქვედანაყოფი თვითნებობს ზუგდიდისა და წალენჯიხის რაინებში, აქტიურად მონაწილეობს კონტრაბანდის ოპერაციებში, რაც ქმნის არასტაბილურ ვითარებას კონფლიქტის ზონაში და მიმდებარე ტერიტორიებზე. რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად ვერ მოხერხდა სამშვიდობო ძალების უფლებამოისლებათა გაფართოება, რაც შესაძლებელს გახდიდა დევნილთა დაბრუნებისათვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ვერ მოხერხდა სეპარატისტული რეჟიმის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლირება და აფხაზეთში მიმავალი ტვირთების ქართველი მესაზღვრეების მიერ წინასწარი შემოწმება.

 

საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მიღებული ფუძემდებლური დოკუმენტებით,საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით, გამოხატავს საქართველოს ხალხის უზენაეს ნებას ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა მობლიურ ადგილებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად და ადგენს:

 

1. იზიარებს რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1995 წლის 19 ივლისის, 22 ნოემბრის და 1996 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებებს, საქართველოს პროკურატურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აფხაზეთში განვითარებული და მიმდინარე მოვლენები შეფასდეს როგორც სეპარატისტთა მიერ რუსეთის ანტიდემოკრატიული, რეაქციული და სხვა გარეშე ძალების დახმარებითა და მონაწილეობით საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედება, რომელსაც შედეგად ქვეყნის მთლიანობის დარღვევა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ოკუპაცია, დანაშაულებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება, ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი, სხვა ხალხებისა და მათ შორის აფხაზთა დიდი ნაწილის აფხაზეთიდან განდევნა მოჰყვა.

 

2. კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებთან, ინსპირატორებსა და ორგანიზატორებთან, ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და ტერიტორიული აქტების ორგანიზატორებისა და უშუალო შემსრელებლების ქმედებებთან, აფხაზეთში საომარ მოქმედებათა დროს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულებთან, მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალთან, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალის შეყვანის შემდეგ მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ აცნობოს საქართველოს პარლამენტს.

 

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარუდგინოს აფხაზეთში სეპარატისტების მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, გენოციდის, ეთნიკური წმენდის, სამხედრო დანაშაულისა და ტერორიზმის დამამტკიცებელი საბუთები და მიმართოს თხოვნით საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად.

 

4. საქართველოს პრკურატურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოხსენებები და სხვა მასალები სეპარატისტთა და მათ მხარდამჭერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ გადაეგზავნოს დსთ-ს ქვეყნების მეთაურებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს.

 

5. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

 

ა) გააქტიუროს მეშაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუნესკოს გენერალური დირექიტორისადმი ჰააგის 1954 წლის კონვენციის ასამოქმედებლად წარდგენილი მოთხოვნების რეალიზაციისათვის;

 

ბ) ოკუპირებული აფხაზეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტული საქმიანობის, საერთაშორისო ტერორიზმთან მათი ალიანსის შესახებ მსოფლიო საზოგადოებრიობის ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით აქტიური მონაწილეობა მიიღოს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო ორაგნიზაციებისა და კონფერენციების მუშაობაში.

 

6. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის კონფლიქიტის დროს მოსახლეობა საომარ მოქმედებაში ჩართული იქნა დეზინფორმაციის, მუქარისა და შანტაჟის გზით, შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპრექტი საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ კონფლიქტის მონაწილეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე, იმ პირთა გარდა, რომლებიც მხილებული არიან კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების ინსპირირებასა და ორგანიზებაში, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე სამხედრო და ადამინურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულში.

 

7. აფხაზეთში მიმდინარე პროცესები განისაზღვროს, როგორც პოლიტიკური კონფლიქტი აფხაზეთში და არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებაში მონაწილეობა განისაზღვროს ხუთი სუბიექტით:

 

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და აფხაზეთის სეპარატისტული დაჯგუფება, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარეები; საქართველო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება კონფლიქტი, რუსეთი, როგორც დაინტერესებული მხარე; გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

 

8. დადასტურდეს, რომ იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, სეპარატისტთა მიერ მიღებული ე.წ.აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკანონმდებლო აქტები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები უცხო ქვეყნების სტრუქტურებთან, აგრეთვე მმართველობის ყველა ორგანო და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.

 

9. დადასტურდეს, რომ თბილისში განთავსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოებია.

 

10. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, კონფლიქტს მოწესრიგებამდე ქმედითი დახმარება გაუწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას სტატუსით განსაზღვრულ და რეალური ვითარებით განპირობებულ პრობლემათა გადაწვეტაში. კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას უზრუნველყოფილ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელთა აუცილებელი მონაწილეობა.

 

11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემადგენლობით მიღწეულ შეთანხმებათა აფხაზ სეპარატისთა მიერ ცალმხრივად დარღვევასთან დაკავშირებით, მოხდეს ამ შეთანხმებათა ყოველმხრივი ექსპერტიზა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების,საკონსტიტუციო,იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტმა ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ ამ საკითხთან დაკავშირებული სათანადო დასკვნები.

 

12. იმის გამო, რომ დსთ-ს მანდატით რუსეთის სამშვიდობო ძალები ვერ უზრუნველყოფენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვიტლთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უპირობო და უსაფრთხო დაბრუნებას,მათი სიციცხლისა და ღირსების დაცვას, არესებული მანდატის შენარჩუნებისა და ახალ მანდატში საქართაველოს წინადადებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამშვიდობო ოპერაცია ჩაითვალოს უპერსპექტივოდ და სამშვიდობო ძალები ორი თვის ვადაში გაყვანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან. დევნილთა და ლტოლვილთა აფხაზეთში დაბრუნება განხორციელდეს მათი უსაფრთხოების სრული გარანტიის, საქართველოს იურისდიქციისა და კონსტიტუციური წესრიგის ფაქტობრივი აღდგენის პირობებში.

 

13. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტრომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა სათანადო სახელმწიფო უწყებებთან ერთად განახორციელონ სახელმწიფო საზღვრის ურღვევობის, სეპარატიზმის დაგმობისა და იზოლაციის, სხვა კარდინალურ საკითხებზე დსთ-ს ხელმძღვანელთა ალმა-ათის, მინსკის, მოსკოვის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ღონისძიებანი.

 

14. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებმა განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, გენოციდის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების მხილებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის ფართოდ ინფორმირებისათვის.

 

15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გააძლიერონ მუშაობა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული ორგანიზებული და საინფორმაციო-იდეოლოგიური ღონისძიებების განსახორციელებლად, ეფექტურად წარმართონ თავიანთი საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ-საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

16. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების შესაბამისად, მრავალეროვანი აფხაზეთის ფართო საზოგადოებრიობის,ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების მონაწილეობით განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი ფართომასშტაბიანი ავტონომიით ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩარჩოში, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის საკუთარ კონსტიტუციას, პარლამენტს, უმაღლეს აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს, ჰიმნს, დროშას, გერბს, სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტებს, საკუთარ კომპეტენციას ეკონომიკურ, სოციალურ, საფინანსო და საგადასახადო საკითხებში.

 

17. დაევალოთ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს აფხაზეთის ფართო საზოგადოებრიობის ყველა ეროვნების წარმომადგენელთა მონაწილეობით დააჩქარონ საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის კანონპროექტების შემუშავება.

 

18. ანიჭებს რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას კოდორის ხეობის მოსახლეობის პრობლემებს, საქართველოს მთავრობამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებანი კოდორის ხეობის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

19. რეკომენდაცია მიეცეს საქართაელოს მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მინისტრთა საბჭოს, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით შეიმუშავონ წინადადებები აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა პატივგების ღონისძიებათა შესახებ.

 

20. საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ, საქართვეოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტს 1 ივნისამდე წარუდგინონ კანონპროექტი "დევნილთა შესახებ".

 

21. საქართველოს მთავრობამ ორი თვის ვადაში შეიმუშავოს პროგრამა აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ. 22. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეთა კეთილი ნებისა და ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიულ ურთიერთობის, ძმობისა და ნათესაობის ტრადიციების აღდგენასა და განმტკიცებას. აფხაზეთში მცხოვრები სხვა ხალხების ინტერესების გათვალისწინებით ორმხრივი და მრავალმხრივი კონტაქტების სხვადასხვა დონეზე განვითავრებას და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას.

 

23. "მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში" - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივიდან გამომდინარე, კავკასიის ხალხებთან და პარლამენტებთან სამუშაოდ შეიქმნას საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ჯგუფები.

 

24. რეკომენდაცია მიეცეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სამხედრო-პოლიტიკური, საკონსტიტუციო, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, საინფორმაციო ვითარების, ახალ რეალობათა შესაბამისად და ამ დადგენილებაში აღნიშნული ღონისძიებების გათვალისწინებით ორ თვეში შეიმუშაოს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების სახელმწიფო პროგრამა.

 

25. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, სამეურნეო და კომერციულმა სტრუქტურებმა, სხვადასხვა ფონდებმა საქართველოს პარლამენტის ამ დადგენილების მხარდასაჭერად გააძლიერონ ზრუნვა და დახმარება აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახებისადმი და მთლიანად დევნილი მოსახლეობისადმი, ხელი შეუწყონ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრული აღდგენისა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას.

 

26. მიზანშეწონილად ჩაითვალოს აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომისიის შექმნა. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ვ. ყოლბაიას.

 

27. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

 

28. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში განიხილოს დადგენილების შესრულების მიმდინარეობა.

 

29. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს რადიოთი და ტელევიზიით.

 


საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარე

 

ზურაბ ჟვანია


თბილისი,  
1996 წლის 17 აპრილი.  
Print