აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის თემა ბათუმის საერთაშორისო სემინარზე

 

18 აპრილს, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა II საერთაშორისო სემინარი თემაზე - ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აჭარისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს  წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან, მომხსენებლები აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარისა აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განმარტებით, სემინარზე ხაზი გაესვა იმ მძიმე ვითარებას, რაც დღესდღეობით არსებობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით: „აფხაზეთში არის ძალიან ძვირფასი კულტურული საგანძური და მომეტებულად გვმართებს მასზე ზრუნვა, ამ საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთ ღონისძიებებზე არის შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების უფრო მეტად მიპყრობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ეს დღე სათანადოდ აღგვენიშნა. მადლობა აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, ვინც გაუკეთა ორგანიზება ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას“,-აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.





























































































 

Print