სოფელ რუხში გამართული აფხაზეთობის დღესასწაული

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ღონისძიება სლოგანით - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სოფელ რუხში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომელთა შორის იყვნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებიც.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და აფხაზეთის პრობლემატიკაზე, ენგურსგამოღმა საქართველოსაგან მისი განუყოფლობის კანონზომიერებაზე, მშობლიური სახლ-კარიდან დევნილთა შინ დაბრუნების და იქ აფხაზ მოძმეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურმა აფხაზეთიდან, მამა მალხაზმა შეკრებილი საზოგადოება დალოცა. აღსანიშნავია, რომ 23 მაისი, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ არის გამოცხადებული.


სოფელ რუხში საინტერესოდ ჩაიარა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაციამ, ასევე, მასტერკლასებმა ხატვასა და დიზაინში, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობმა აქტივობებმა.


ღონისძიებისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა და მასში მონაწილეობა მიიღო, როგორც რეგიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე აქ განსახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებმა, რომელთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები. შემეცნებით-გასართობ აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მათ საჩუქრად გადასცა ჯემალ გამახარიას, ლია ახალაძის და დაზმირ ჯოჯუას ავტორობით გამოცემული საკითხავი წიგნი სახელწოდებით: „აფხაზეთის (საქართველოს) ისტორიის საკითხები“ - 300 ეგზემპლარი.


ღონისძიების ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „გუმბათი“ და ცნობილმა მუსიკოსებმა.


ღონისძიების დასარულს გამოითქვა სურვილი აფხაზეთობის დღესასწაული ტრადიციად იქცეს  და ყოველწლიურად გაიმართოს.

.....


აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, წინა დღეს ზუგდიდში - კომბინატის დასახლებაში „ვექტორის“ დევნილთა კომპაქტურ საცხოვრებელს ეწვია, სადაც 65 ოჯახი ყოვლად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ პრინციპული თანადგომა აღუთქვა თანამემამულეებს და დაპირდა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მათ წინაშე არსებულ არადამიანურ საყოფაცხოვრებო და სოციალურ პრობლემებს და გახდის მას ცენტრალური ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად, რათა  გაუსაძლისი პირობები, რომელიც 22 წელია მათ წინაშე დგას, ბოლოსდაბოლოს გადაიჭრას.

 


























































































































































































































Print