აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია - „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობას“-ს განცხადება

საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ უფლებამოსილია განაცხადოს, რომ სრულიად იზიარებს საზოგადოების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო კონგრესის ასამბლეის ჩატარების დროს განვითარებული მოვლენების გამო.




აღმაშფოთებელია ამ ფორუმს ამოფარებული ფსევდომართლმადიდებელი რუსი დეპუტატის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან უტიფრად დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი, რასაც როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, მოჰყვა, როგორც ოპოზიციური, ისე უმრავლესობის წევრ დეპუტატთა მყისიერი რეაგირება, მოსახლეობის აბსოლუტურად გულწრფელი გულისწყრომა. დასანანია, რომ აღნიშნული პროტესტი გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებაში სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ კონსტიტუციურ მოვალეობას - იცავდნენ სახელმწიფოს მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას - პარლამენტს.


ვინ თუ არა ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა, ვიცით თუ რა შედეგები მოუტანა საქართველოს საზოგადოების დაპირისპირებამ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა 25 წლის მანძილზე არაერთხელ გახდა სისხლიანი დაპირისპირების მსხვერპლი, ამან კი ხელი შეუწყო რუსეთს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ხანგრძლივი დროით გაჭიანურებაში; უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაში.


მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, მოსახლეობის ერთიანობას, პოლიტიკური ძალების წინდახედულებას, ხელისუფლების თმენას ძალუძს ქვეყნის მდგრადი განვითარება, რაც მთავარი წინაპირობაა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებისა. სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რყევის მცდელობები სერიოზულად გვაშორებს საქართველოში დევნილთა პრობლემების მოგვარებისაგან და საკუთარ მიწაწყალზე დაბრუნებისაგან. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ერთიანობა და მისი მომავალი.

 

თბილისი, 2019 წლის 22 ივნისი


Print