კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში“


18 ივლისს, სასტუმრო „Rooms Hotel” -ის საკონფერენციო დარბაზში, ნდობის აღდგენის და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ეგიდით გაიმართა კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში“.



 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.


სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ნდობის აღდგენის და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბიამ. სხდომას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე  ბელა კოპალიანი.


კონფერენციის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე, იმ გამოწვევებსა და დაბრკოლებების გადაჭრის გზებზე, რომელიც თან ახლავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას.

კონფერენციის მეორე ნაწილში გაიმართა საინტერესო დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას თქმით, მოუგვარებელი ეთნოკონფლიქტები კარგა ხანია ინფორმაციული ომის ფაზაში გადავიდა და  ქართული სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელ ფაქტორად  იქცა - „ ინფორმაციული ომის წარმოება  მოითხოვს არსებული პრობლემის ზედმიწევნით ცოდნას...  მართალია, აფხაზები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ მათ წააგეს ინფორმაციული ომი ქართველებთან.  თითქოს ეს არ არის ცუდი ფაქტი, მაგრამ სულაც არ გვაძლევს დამშვიდების და გულარხეინობის საშუალებას იმდენად, რამდენადაც საქმე გვაქვს რუსეთის მძლავრი იმპერიის მიერ ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ, იდეოლოგიურ, ინფორმაციულ ომთან. ინფორმაციული ომი არის ინტელექტუალური ომი და მისი არმოგების უფელბა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი ბრძოლა იმდენად სამართლიანია, რომ აუცილებლად მოვიგებთ ამ ინფორმაციულ ომს და სწორედ ეს არის დეოკუპაციისკენ მიმავალი ერთი-ერთი სწორი და მთავარი გზა.“



ასევე ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული სათვისტომოების უზარმაზარი პოტენციალი არ არის გამოყენებული. „მილიონნახევარზე მეტი ადამიანი გაფანტულია მთელს მსოფლიოში.  ეს დიდი რესურსია და ინფორმაციული ომის მოგებაში სწორედ სათვისტომოების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება შეიძლება გახდეს ყველაზე ეფექტური“.



ჯემალ გამახარიამ კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ნიუ იორკში ასოციაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე უმაღლეს საბჭოში მიიწვია და ამ მიმართულებით მასთან ერთობლივი თანამშროლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა ფილმი „ხიდი“, რომლიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასა და ჩატეხილი ხიდის აღდგენის აუცილებლობას ეხებოდა.







































































































Print