ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნებთან“ დაკავშირებით აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს

„საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში, რომელიც დღეს იმართება, წარმოადგენს მორიგ ძალადობას კანონზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალზე. დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამჯერადაც ერთსულოვანი იქნება და არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნების“ სახელწოდებით გათამაშებულ ფარსს. მასზე მოსკოვის გავლენის ამა თუ იმ აგენტის დასწრება ზოგიერთი სახელმწიფოდან და მათ მიერ „არჩევნების“ დემოკრატიულად აღიარება, ვერანაირად ვერ მიანიჭებს მას ლეგიტიმურობას.

 

 

შეუძლებელია ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია; ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელდა და, რომელიც სრული ქაოსისა და განუკითხაობის მორევშია ჩაფლული.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეოკუპაციამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნებამდე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს დევნილობაში მოქმედი უმაღლესი საბჭო და მის მიერ დანიშნული მთავრობა. ცრუარჩევნების შედეგები კი ბათილია!- აცხადებს  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions