აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზ.ჯგუბურიას მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს ქ.პრაღაში მივლინების შესახებ


მივლინების მთავარ მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა  მიერ დეოკუპაციის თემებზე საგარეო ასპარეზზე ბოლო პერიოდში განვითარებული მიზანმიმართული და განვრცობადი საქმიანობის მთავარი მიმართულების - დევნილობის პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ხელოვნების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო დარგებში მიღწეული წარმატებების პრეზენტაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესატყვის პლატფორმებზე დე - ფაქტო აფხაზეთში ბოლო წლებში განვითარებული ჰუმანიტარული და კულტურული კარჩაკეტილობისა და ეთნიკური ნიშნით  შეზღუდვების ფონზე.

 

2014 წელს პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეების“ პირველად ჩატარებამ არა მარტო სეპარატისტული ხელისუფლების, არამედ იქ მოქმედი  მთავარი აქტორის - ოკუპანტი ქვეყნის - რფ ოფიციალური წარმომადგენლების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია : რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე ოფიციალური ნოტაც კი გაუგზავნა ჩეხურ მხარეს.

პრაღაში წელს,  21-22 აგვისტოს,  ფართოდ აღინიშნა არა მხოლოდ სსრკ მიერ მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის 51 წლისთავი, არამედ მათთვის უფრო მტკივნეული და მემორიალური - პრაღის 1969 წლის 21 აგვისტოს ანტიოკუპაციური სტუდენტური მანიფესტაციის დახვრეტის 50-ე წლისთავი. მრავალ ათეულათასიანი სტუდენტური და ახალგაზრდობის მშვიდობიანი მანიფესტაცია მაშინდელი სსრკ და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ხელმძღვანელობის მიერ მონათლული იქნა „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის“(!) მცდელობად და გაერთიანებული უშიშროების ძალების სადამსჯელო რაზმებმა (რუსული - КГБ და მათი  ჩეხოსლოვაკური ფილიალი -STB) სისხლში ჩაახშვეს - ოკუპანტის ხელწერა ყველგან და ყოველთვის ანალოგიური და უცვლელია.

“...Русский  мир  везде одинаков“ - 2018 წელსაც იგივე დაწერა ცნობილმა რუსმა ბლოგემა და ფოტოდოკუმენტალისტმა ლანა სატორმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ!

ამ დღის აღსანიშნავად პრღის მთავარ - ვაცლავის (უდიდესი ჩეხი მეფე და რეფორმატორი) მოედანზე გამოიფინა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა - ბანერები (იხ.დანართი), ასევე ჩატარდა სახალხო მანიფესტაცია - მსვლელობა, რომლის უშაულო მონაწილე მეც გავხდი ჩემ ადგილობრივ მასპინძლებთან : იოზეფ ჩერმაკთან - პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი და ლუკაშ დანჩთან - „ექსიმია ფონდის“ დირექტორი, „პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ გენერალური სპონსორი, ერთად.

იმავე დღეს ჩემს მასპინძლებთან ერთად პატივი მივაგეთ აფხაზეთის/საქართველოს საამაყო და ლეგენდარული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ხსოვნას, რომელიც 1923 წლიდან, მისი ევროპული ემიგრაციის დასაწყისიდან, 1939 წლამდე, გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პრაღაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კანონიერი მთავრობის (ემიგრაციული) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მემორიალური დაფა მის საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიკრა 2014 წლის ნოემბერში პირადად იოზეფ ჩერმაკის მონაწილეობით, ხოლო ამ მისამართის მოძიებაში და შესაბამისი ნებართვის (პრაღა შესულია იუნესკო-ს დაცული ქალაქების შემადგენლობაში) მიღებაში დიდი დახმარება გაგვიწია ბ-ნმა ზდენეკ შკრომახმა - იმ პერიოდის ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა. აღნიშნული მემორიალური  დაფა განთავსებულია პრაღის ერთ- ერთ ცენტრალურ რაიონში: პრაღა - 4, 5 მაისის (Prague – 4, vul. 5 KVETNA) ქუჩის დასაწყისში - პრაღის ერთ-ერთი უდიდესი და თანამედროვე  სასტუმრო „CORINTHIA“ -ს  და  მეტროს სადგურ “ვიშეგრადის“ მიმდებარედ (იხ. ფოტომასალა). სამწუხაროდ, ამ ეროვნულ და საერთაშორისოდ საამაყო საქმეში საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, ტრადიციულად, “გარეშე მაყურებლის”  როლში გამოდის მხოლოდ.

23 აგვისტოს შედგა პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ბრილიანტის ხმები“ (DIAMONDS VOICE) საორგანიზაციო კომიტეტის შეკრება ნოემბერში ქ.პრაღაში დაგეგმილი ღონისძიების გეგმის განსახილველად, სადაც მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ბ-ნმა იოზეფ ჩერმაკმა  წარმოადგინა დეტალური გეგმა მიმდინარე წლის 26 – 30 ნოემბერს ზემოთაღნიშნული ფესტივალის ჩასატარებლად. ორგკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, გერმანიის, საქართველოს წარმომადგენლები, ხოლო იტალიის, ესპანეთის და ხორვატიის წარმომადგენლები სხდომაში მონაწილეობდნენ ონ-ლაინ რეჟიმში, სკაიპის მეშვეობით. შემდგომში, 24 აგვისტოს, სხდომის მონაწილეები შეიკრიბნენ არაფორმალურ გარემოში - ბ-ნი იოზეფ ჩერმაკის ინიციატივით შეხვედრა შედგა მის ქალაქგარეთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკვე პროფესიული საკითხების გარდა დისკუსიის თემას წარმოადგენდა რუსეთის ველიკოდერჟავული ამბიციები არა მხოლოდ ყოფილ პოსკომუნისტურ ქვეყნებში, არამედ გამოკვეთილად აგრესიული ქმედებები მის უახლოეს მეზობელ ქვეყნებში: უკრაინაში, მოლდოვაში და გამორჩეულად საქართველოში - განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში მიმდინარე ჰუმანიტარული და კულტურული გენოციდის ფაქტები, რის დამამტკიცებელ დოკუმენტებად მოყვანილი იქნა 2018 წელს, აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაციის  25 -ე წლისთავის აღმნიშვნელი, მხოლოდ უცხოელი ავტორების დოკუმენტალურ მასალაზე დაყრდნობით გამოცემული მრავალენოვანი კრებული - „ოკუპირებული აფხაზეთი -25“ (რედაქტორი ზ.ჯგუბურია), რამაც დისკუსიაში მონაწილეთა მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული კრებული, აფხაზეთში განხორციელებული  ეთნიკური  წმენდის დოკუმენტალური მასალების ინგლისურენოვანი კრებული (პროფ. ჯემალ გამახარიას რედაქტორობით), ალბომი “აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მუსიკალური ანსამბლ „შავნაბადას“ და გ.ყურაშვილის მუსიკალური კაპელის კომპაქტ - დისკები  საჩუქრად გადაეცათ შეკრების მონაწილეებს.

ორგკომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ ფესტივალის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო საინტერესო იქნებოდა რომელიმე ზემოთაღნიშნული მუსიკალური კოლექტივის მონაწილეობა ფესტივალის შემაჯამებელ გალა - კონცერტზე პრაღის ბეთლემის ეკლესიის მუსიკალურ დარბაზში. ასევე, იმავდროულად, დარბაზში   ცნობილი ქართველი მხატვრის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ნ.მგალობლიშვილის მიერ ბოლო წლებში აფხაზეთის ომისა და ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი  მხატვრული ტილოების - ბანერების წარმოდგენა მრავალეროვანი  ფესტივალის  სამშვიდობო იდეის და დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთპატივისცემის   უშუალო დადასტურება იქნებოდა.

აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მიზანმიმართულ მუშაობას კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობების განვითარებისათვის, ხელს შეუწყობდა დეოკუპაციის მშვიდობიანი, ჰუმანიტარული მიმართულებების  გააქტიურებას.

საკითხის გადაწყვეტისათვის მთავარია შედარებით კომპაქტური დელეგაციის (თითო - თითო წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლებებიდან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რომელიმე მუსიკალური ანსამბლი) გამგზავრებისა და ცხოვრების რამდენიმე დღიანი (3 დღე) დაფინანსების წყაროს მოძიება და განაცხადის დროული გაკეთება (არა უგვიანეს სექტემბრის ბოლოსთვის)  ფესტივალის დირექტორატისადმი მონაწილეთათვის შეღავათიანი ეკონომიკური პირობების შესათანხმებლად.


 

 

 


























































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions