დაბრუნების მოლოდინში განვლილი 26 წელი

26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ჯვართამაღლების დიდ დღესასწაულს დაუკავშირდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცელი. აფხაზეთიდან დევნილი ქართველობა, სრულიად საქართველო არ ჰკარგავს რწმენას, რომ  ამაო მოლოდინით ჩავლილ  ჯვართამაღლების 26 დღეს-26 წელს ბოლოსდაბოლოს მოჰყვება ამაღლების ნამდვილი დღესასწაული, რაც აფხაზეთის დაბრუნების დიდ სიხარულს მოუტანს ყველას ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოში - ბუნებრივ გარემოს, სიმშვიდესა და თავისუფლებას დაუბრუნებს აფხაზსაც, ქართველსაც და ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენელს, რომელიც ერთიან და დემოკრატიულ საქართველოში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებით.

 

დღეს კი მძიმე ტკივილით და ემოციით იგონებს თითოეული ჩვენი მოქალაქე ტრაგიკულ დღეებს, 27 წლის წინათ რუსეთის ინსპირირებით მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას აფხაზეთში,  რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა; სხვადასხვა კვლევებით 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.

ქართველი ერისთვის ამ ტრაგიკულ დღეს აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი ტრადიცულად გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა, საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა პარტიის, მოძრაობების წევრებმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, პირველი პირების, ბატონების ჯემალ გამახარიასა და რუსლან აბაშიძის ხელმძღვანელობით, 27 სექტემბერს დილიდანვე მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას, შეხვდნენ და გაესაუბრნენ მათი ოჯახების წევრებს;

გმირთა მემორიალიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები გაემართნენ და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას საფლავები, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო; მონაწილეობა მიიღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდში.









































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions