აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ მოაწერეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, რომელიც მემეორანდუმის მომზადების პროცესის აქტიური მონაწილე იყო: „ვერავითარი ოფიციალური დოკუმენტი ვერ აღნუსხავს იმ სულიერ და უანგარო მატერიალურ მხარდაჭერას, რომელიც ზუგდიდმა და ზუგდიდელებმა, რეგიონის თითოეულმა მოქალაქემ უშურველად გაიღო აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილთათვის. ეს დამოკიდებულება დღემდე ტრადიციულად გრძელდება. იმის გამო, რომ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი დროში გაიწელა, დღის წესრიგში დადგა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახლებული თითქმის ასი ათასი დევნილის პოლიტიკური და სოციალური დაცვის საკითხების მოგვარებაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის საკრებულოს ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევის გააქტიურება. სწორედ ამას მოემსახურება გაფორმებული მემორანდუმი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ზუგდიდელი კოლეგებისაგან აღნიშნულისადმი ცალსახა მხარდაჭერა მივიღეთ“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, ზუგდიდის მერიის აპარატის უფროსი თენგიზ შანავა, საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს; შეხვდნენ და გაესაუბრნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილებს.