ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ მიიღეს

 

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები, სადაც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებები, რითაც უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები.


ცვლილებები, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის, გიორგი ტყემალაძის მიერ 2019 წლის ივნისში, შტუდგარდში გამართულ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო წარდგენილი.



„საქართველოს შემთხვევაში, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, რომლებიც 1990-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იქნენ გამოძევებული, კვლავ მოკლებულნი არიან თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა არის მიზეზი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გზით, რომელიც ართულებს წვდომას ჯანდაცვასა და განათლებაზე, ასევე, ოჯახებს შორის კავშირებს, წარმოქმნის უსაფრთხოების დამატებით რისკებს.“- აღნიშნა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა.

 

http://ghn.ge/news/234761-evrosabchos-adgilobriv-da-regionul-khelisuflebata-kongresis-sesiaze-rezolutsia-adgilobriv-da-regionalur-khelisuflebata-roli-devnilta-datsvis-sakitkhebshi-miighes

 

Print