საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისათვის, სიკვდილის შემდეგ, სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი დაჯილდოვდა

 

23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 4, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი 5, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 8 ვეტერანი, ხოლო მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გადაეცა 6 ვეტერანს.

 

დაღუპულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.

 

დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შინდისი ბრძოლის  მონაწილეს, გიგა მურვანიძეს პრეზიდენტის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბინა გადაეცა.

 

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია ესწრებოდნენ.




















































































































Print