12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში გაიხსნა მემორიალური კუთხე, რომელიც მიეძღვნა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ ალექსანდრე (სანდრო) ვაჩეიშვილს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით "მხედრული მამაცობისთვის".
მემორიალის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების ომის ვეტერანები დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.