გაზეთის „ჩემი აფხაზეთი“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ეს არ არის ჩვეულებრივი გაზეთის პრეზენტაცია, ეს არის იდეის პრეზენტაცია“- აღნიშნა საღამოს უშუალო ორგანიზატორმა და წამყვანმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით გამომავალი გაზეთის რედაქტორმა ნატო კორსანტიამ. მან ისაუბრა სტუდენტებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის თაოსნობით გამოცემულ ჟურნალზე - „გზავნილი აფხაზეთიდან“. სწორედ ამ ჟურნალისგან შექმნილმა განწყობამ გადააწყვეტინა ნ.კორსანტიას   „ჩემი აფხაზეთის“ ნომერი მთლიანად დაეთმო  ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მალე ამ იდეამ რეალიზება ჰპოვა და აფხაზეთის პრობლემატიკაზე უკვე გაზეთის ახალი ერთობლივი პროექტი შედგა.

ახალბედა ჟურნალისტები სტატიებს აფხაზეთზე, დევნილთა სატკივარსა თუ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე თამამად, შეულამაზებლად, მათი თვალით დანახული ხედვით გვთავაზობენ; აფხაზეთის თემატიკაზე პასუხისმგებელ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც  ახალგაზრდული პიდაპირობით და ლაღად უსვამენ კითხვებს. მთლიანობაში გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომერი, აბსოლუტურად ყველა პუბლიკაცია მკითხველისათვის, რომელსაც აფხაზეთი ტკივა, განსაკუთრებული ინტერესით იკითხება.

ემოციური, მაგრამ ლაკონური და საინტერესო იყო ნომრის რადაქტორის, სტუდენტის ილია მეგრელიძის, ტექნიკური რედაქტორის ლიანა მარქარიანის და სხვა ავტორთა გამოსვლები, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ გაზეთის „ჩემი აფხაზეთი“ რედაქტორსა და მათ შორის შემდგარი თანამშრომლობის საინტერესო და დადებით შედეგებზე, რასაც ხაზი სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა მაია ტორაძემ და თსუ-ს მულტიმედიის დირექტორმა მარინა სულაქველიძემაც გაუსვეს.

საღამო რამდენიმე ბლოკად იყო წარმოდგენილი; ჩართვა განხორციელდა რომიდან, სადაც ნომრის ერთ-ერთმა რესპოდენტმა, აფხაზეთის მკვიდრმა, ახალგაზრდა ელჩმა იტალიაში ნინო გაბელიამ  მადლიერება გამოხატა შემდგარი პროექტის გამო და აფხაზეთის დაბრუნების საქმეში ახალგაზრდული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო აგრეთვე სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ასევე აფხაზეთის მკვიდრის ჯუმბერ ბეჭვაიას შრიფტი „აფხაზეთი“, რომელმაც თიბისი ბანკის  პროექტის კონკურსში „წერე ქართულად“ პირველი ადგილის მოიპოვა. იგი მიესალმა გამოცდილი და ახალბედა ჟურნალისტების  საქმიან და  საიკეთო თანამშრომლობას აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ და თავადაც უანგარო თანადგომისათვის მზადყოფნა გამოხატა როგორც სტუდენტებთან, ასევე აფხაზეთის სტრუქტურებთან.  ნაჩვენები იყო გიორგი კობახიძის დოკუმენტური ფილმი „ბედია“.

პრეზენტაციაზე მოწვეულმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ დამწყებ ჟურნალისტებს პროექტის წარმატებული რეალიზება მოუწონეს. ამასთან, გაზეთთან „ჩემი აფხაზეთი“ თანამშრომლობისა და საინტერესოდ განხორციელებული პროექტისათვის სიმბოლური მადლობის სიგელები გადასცეს.

ბატონ ჯემალ გამახარიას თქმით, მათ იხილეს ახლგაზრდები, რომლებიც უკვე წარსდგნენ, როგორც კვალიფიციური ჟურნალისტები, პროფესიონალები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე, თავიანთი ქვეყანა და ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ კონფლიქტის მოგვარების ურთულეს პროცესში: „ჟურნალისტებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ვინაიდან ენგურსგაღმა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, სიძულვილის ენა ისმის მხოლოდ, მას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარულის, სიმართლის, შერიგების, გაერთიანების ენა; უამრავი პრობლემა, უამრავი თემა არსებობს, რაზეც თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება და ჩათვალეთ, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის სახით გყავთ პარტნიორი; მოგვმართეთ თქვენი პროექტებით, რეკომენდაციით და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ, ჩვენს აზრს გაგიზიარებთ და მხარს დაგიჭერთ; გვიგულეთ თქვენს სამსახურში!“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.



































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions