აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია მსოფლიო საზოგადოებრიობის ინფორმირება აფხაზეთის პრობლემატიკის თაობაზე, ამ დღეებში გამოიცა ბერძნულენოვანი წიგნი - „აფხაზეთი (საქართველო): ისტორია, პოლიტიკა, კულტურა“, რომლის ავტორები არიან ჯემალ გამახარია და ლია ახალაძე, მთარგმნელი და რედაქტორი ბესიკ სილაგაძე.
წიგნი არის პოლიტოლოგიური ხასიათის სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი, რომელშიც გაშუქებულია აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორია, ასევე შეფასებულია აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა და სხვა. ნაშრომი უკვე ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე.
„აფხაზეთის შესახებ ბერძნულ ენაზე წიგნის გამოცემა, როგორც ანოტაციაში ვკითხულობთ, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ისტორიულად არსებულმა ღრმა პოლიტიკურმა და კულტურულმა კავშირებმა განაპირობეს. ეს კავშირები ასახულია წიგნში გამოყენებულ ძველბერძნულ, რომაულ და ბიზანტიურ ლიტერატურაში. როგორც მათი, ისე სხვა წყაროების საფუძველზე გაშუქებულია აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური და საეკლესიო ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. მიმოხილულია ადრე შუასაუკუნეების ქრისტიანული კულტურის ძეგლები. გაკეთებულია დასკვნა, რომ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია ეთნიკური, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით უძველესი დროიდან წარმოადგენდა ქართულ რეგიონს, სადაც ყვაოდა ბერძნული ანუ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება. საქართველოს ნაწილად რჩებოდა იგი XVI-XVII საუკუნეების შემდგომ პერიოდშიც, როდესაც აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი წარმართი, ნაწილობრივ მაჰმადიანი აფსუა-აბაზები ჩამოსახლდნენ და მართლმადიდებლობა გაანადგურეს. ნაჩვენებია ქართველი სასულიერო პირების ღვაწლი აფხაზეთში ქრისტიანული სარწმუნოების აღდგენის საქმეში. ავტორები მოგვითხრობენ საბჭოური ტოტალიტარული მმართველობის, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში აფხაზეთში არსებული ვითარების, 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომისა და 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის შესახებ. აღნიშნულია, რომ ამ ომების შედეგად მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია, უსასტიკესი მეთოდებით განხორციელდა რეგიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი. გამახვილებულია ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ელემენტარული უფლებების, მათ შორის სინდისის თავისუფლების დარღვევის საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების აუცილებლობაზე“.