საინფორმაციო სააგენტო „თაიმერის“ ინტერვიუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინტერვიუ რუსეთის პარტია "სიმართლისათვის" გეგმაზე აფხაზეთის, ცხივნალის რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკისა და დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე.

 

–ბატონო ჯემალ, აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენი ასიდა შაკრილი 2018-2019 წლების ანგარიშში შეეხო გალის რაიონის მოსახლეობის უფლებებს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს, რომელმაც აფხაზური საზოგადოების ყურადღება მიიქცია?


არა მგონია აუცილებელი იყოს ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ომბუდსმენის ანგარიშზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, მისთვის შეფასების მიცემა. თუმცა გარკვეულ ყურადღებას მაინც იმსახურებს გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების უხეშად დარღვევის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის, თუნდაც, შერბილებული ფორმით აღიარება. რამდენადაც მახსოვს, ეს პირველად მოხდა.


-რა შეიძლება მოიტანოს ასეთმა აღიარებამ?

თვითონ აღიარება მოიტანა რუსეთის ფედერაციის მძაფრმა კრიტიკამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ასევე, არ გამოვრიცხავ, ჩვენმა განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ ოკუპანტებს მოუწევთ პასუხის გაცემა საერთაშორისო სასამართლოებისთვის გალის რაიონის მოსახლეობის არაადამიანური მეთოდებით დისკრიმინაციის გამო. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას.


-ბოლო დღეებში როგორც რუსეთში, ისე განსაკუთრებით აფხაზეთში აქტიურად იხილავენ რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მიერ დაფუძნებული პარტიის „სიმართლისათვის“ პროგრამაში ჩადებულ გეგმას აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, დნესტრისპირეთის რუსეთთნ მიერთების შესახებ. როგორი იქნება თქვენი კომენტარები?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ზახარ პრილეპინი მხოლოდ ახმოვანებს კრემლის, პირადად ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას და არა მხოლოდ ოცნებას, არამედ უკვე დღის წესრიგში დაყენებულ გეგმას. რუსეთის ფედერაცია, როგორც ამას ყველანი ვხედავთ, ღიად ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, სავსებით მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს აფხაზეთი იქითკენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დამშეულმა და დაჩოქილმა ეხვეწოს ვ. პუტინს რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ.


-ბატონო ჯემალ, თქვენი პროგნოზით, როდისთვის შეიძლება დადგეს ეს, ღმერთმა ნუ ქნას, „მშვენიერი“ დღე?

ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ალბათ, მაშინ დადგება, როდესაც ვ. პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და სათუო გახდება მაღალი პროცენტებით მისი მორიგი ვადით „არჩევა“. სავარაუდოდ, ახალ სიურპრიზებს კრემლისგან 2024 და 2030 წლებისთვის მზადების პერიოდში უნდა ველოდოთ.


-როგორია აფხაზთა რეაქცია ზ. პრილეპინის მიერ გაჟღერებულ გეგმაზე?

ოსებისგან განსხვავებით, რეაქცია მკვეთრად უარყოფითია და ეს არ შეიძლება არ გვახარებდეს.


-ამ ძალიან სახითო გეგმას როგორ უნდა დავუპირისპირდეთ?

კრემლის საბოლოო მიზნები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არასოდეს წარმოადგენდა საიდუმლოს საქართველოს მთავრობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. ამ ეტაპზე უფრო მეტი აქტიურობითა და ინტენსიურობით უნდა გაგრძელდეს მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის მხილება როგორც ქართული და აფხაზური საზოგადოებების წინაშე, ისე საერთაშორისო სარბიელზე. ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებითაც. კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი - იმისათვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზები მარტონი არ დარჩნენ „სტრატეგიული პარტნიორის“ წინაშე, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გალის რაიონის მოსახლეობის დისკრიმინაციის სასწრაფოდ შეწყვეტა და მათთან ურთიერთობის დალაგება.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions